ნიკო უილიამსის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში „ბარსელონა“ მარცხენა გარემარბის დასამატებლად გეგმა B-ს ამზადებს, ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად კატალონიელები ხვიჩა კვარაცხელიას განიხილავენ – ამის შესახებ fcbarcelona noticias-ი სტატიას აქვეყნებს.
„ცხადი გახდა, რომ „ბარსელონაში“ ნიკო უილიამსის ტრანსფერი შეიძლება უფრო გართულდეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, კლუბი ალტერნატიულ ვარიანტებზეც ფიქრობს. ერთ-ერთი ასეთი ალტერნატივა, რომელიც მარცხენა ფლანგს გააძლიერებს და, შესაძლოა, კლუბის შესანიშნავი შენაძენი გახდეს, „ნაპოლის“ მარცხენა გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელიაა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი თავდამსხმელი, რომელსაც ნეაპოლიტანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, ამ ზაფხულს გუნდიდან წასვლითაა დაინტერესებული, რადგან „ნაპოლი“ ევროტურნირებზე არ თამაშობს. კვარადონასა და მისი გარემოცვისთვის ეს ვითარება ხელსაყრელი ვერ იქნება, ამიტომ გამოსავალს ევროპულ გრანდში გადასვლაში ეძებენ.
მაგრამ „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი აცნობიერებს თავისი ვარსკვლავის ღირებულებას და შეეცდება, მისი გაყიდვით მნიშვნელოვანი მოგება მიიღოს. „ბარსას“ კი მოუწევს იტალიურ კლუბს სოლიდური შეთავაზებით მიმართოს. Transfermarkt-ის მიხედვით, ქართველი მოთამაშის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება 80 მილიონი ევროა. იტალიელები კი მასში 100 მილიონის მიღებას იმედოვნებენ, რისი გადახდაც „ბარსელონასთვის“ ამ ეტაპზე რთულია.
რაც შეეხება ფეხბურთელის ანაზღაურების საკითხს, კვარაცხელია „ნაპოლიში“ სეზონში 1,2 მილიონ ევროს იღებს, რაც მისი კალიბრის მოთამაშისთვის დაბალი ანაზღაურებაა და მისი გაუმჯობესება „ბარსელონას“ არ გაუჭირდება“.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings