in

ბარსა თორნიკეს ნაკრებში გამოუშვებს

„ბარსელონას“ სხვა კალათბურთელებისგან განსხვავებით, ქართველი თორნიკე შენგელია ნოემბრის სანაკრებო „ფანჯრის“ მატჩებში საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის დახმარებას შეძლებს, – ამის შესახებ ცნობილი ესპანური გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ წერს.

წყაროს ცნობით, „ბარსელონა“ თავის ტრადიციას გადაუხვევს. ესპანური კალათბურთის გრანდი მოთამაშეებს ფიბა-ს ნოემბრის სანაკრებო „ფანჯრის“ დროს გუნდებში არ უშვებს, თუმცა შენგელიას შემთხვევა გამონაკლისი იქნება.

„„ბარსელონას“ სხვა კალათბურთელებისგან განსხვავებით, ქართველი თორნიკე შენგელია ნოემბრის სანაკრებო „ფანჯრის“ მატჩებში საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის დახმარებას შეძლებს. წელს შეხვედრები 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.

საქართველოს ნაკრები ხუთშაბათს საკუთარ მოედანზე უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო კვირას ტენერიფეში ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს. საქართველო, ესპანეთი, უკრაინა და დანია 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფში ასპარეზობენ.

შენგელიასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები არღვევს ბოლო წლებში „ბარსელონაში“ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, კლუბის მოთამაშეები ნოემბრის ფიბა-ს „ფანჯრებში“, როგორც წესი, არ ერთვებოდნენ. გამონაკლისი მხოლოდ დარიო ბრიზუელა და ჟოელ პარა იყვნენ, რომლებმაც თებერვალში ითამაშეს – ბრიზუელამ 2024 წელს, ხოლო პარამ 2024 და 2025 წლებში. ეს შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ ბოლო ორ სეზონში ევროლიგამ ამ პერიოდში მატჩები არ დანიშნა.

ნოემბრის „ფანჯრის“ დროს ევროლიგა წელს ჩემპიონატს არ აჩერებს, რის გამოც საკლუბო და სანაკრებო მატჩები ერთმანეთს ემთხვევა. ასეთ ვითარებაში ბევრ მოთამაშეს უწევს არჩევანის გაკეთება კლუბსა და ნაკრებს შორის. ხშირ შემთხვევაში ისინი უარს ამბობენ ნაკრებში თამაშზე და საკლუბო მატჩებს ანიჭებენ უპირატესობას – ეს ყოველთვის არ არის მათი პირადი გადაწყვეტილება.

თუმცა, თორნიკე შენგელია ყოველთვის გამორჩეული ერთგულებით გამოირჩევა საქართველოს ნაკრების მიმართ. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო 2023 წლის თებერვალი. მაშინ ფიბა-სა და ევროლიგას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაძაბული იყო და კლუბებს მატჩები არ შეუწყვეტიათ, თუმცა ამან შენგელია ვერ შეაჩერა.

მან 23 თებერვალს როტერდამში ითამაშა ნიდერლანდებთან (80:88), მეორე დღეს იტალიაში დაბრუნდა და ევროლიგაში „ვირტუს ბოლონიის“ რიგებში იასპარეზა „ბასკონიასთან“, ხოლო 26 თებერვალს კვლავ საქართველოს ნაკრების მაისურით გამოვიდა თბილისში ისლანდიის წინააღმდეგ (80:83). ინტენსიურმა გრაფიკმა და მუდმივმა ფრენებმა ხელი ვერ შეუშალა – მან ამ შეხვედრებში 25, 12 და 20 ქულა ჩააგდო, ის საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების მონაწილე გახდა, ეს გუნდი პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე.

„ბარსელონამ“ ეს პოზიცია თავიდანვე გაითვალისწინა, როცა შენგელია გუნდში მიიყვანა. გარდა ამისა, წელს ევროლიგის კალენდარი ისეა შედგენილი, რომ ქართველ ფორვარდს შესაძლებლობა ექნება, ოთხშაბათ საღამოს პალაუს დარბაზში „ასველის“ წინააღმდეგ ითამაშოს, ხოლო ხუთშაბათს, დილით გაემგზავროს სამშობლოში, რათა იმავე დღეს საქართველოს ნაკრებს უკრაინის წინააღმდეგ მატჩში დაეხმაროს. თუ დროულად ვერ ჩავა, ის კვირას ესპანეთის ნაკრებთან მატჩში მიიღებს მონაწილეობას“, – წერს „მუნდო დეპორტივო“.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უკრაინას 27 ნოემბერს უმასპინძლებს, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო ესპანეთთან გასვლითი მატჩი – 30 ნოემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკომ საგოლე პასი გააკეთა და სენტ ეტიენს მოგებაში დაეხმარა

ფოტო: მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა და ვერ გაიტანა, ვილიარეალმა მოიგო