გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად ჩემპიონატის ლიდერ „ბარსელონასთან“ ჩავიდა და ერთხელაც წააგო – 0:1. თუმცა ეს არ ყოფილა უიმედო და ულაპარაკო წაგება. მართალია უპირატესობა „ბარსას“ ჰქონდა და ველოდით, რომ გიორგის მოსვენება არ ექნებოდა, მაგრამ მთლად ასეც არ ყოფილა. მასპინძლებს ბევრი მომენტი არ შეუქმნიათ და თამაშის ტემპიც არ ყოფილა გიჟური. შესაძლოა ამაზე იმანაც იმოქმედა, რომ „ბარსამ“ ანგარიში მალევე გახსნა. მე-15 წუთზე ბუსკეტსის კარგ ჩაწოდებულზე რაფინიამ თავით ითამაშა, მამარდაშვილი ბურთზე გამოვიდა, მაგრამ თავდამსხმელს ვერ დაასწრო და ბურთი ცარიელ კარში შევარდა.
ეს ერთი მიზეზი, მეორე კი მაინც ვთქვათ, რომ „ბარსას“ აკლდა წამყვანი ფეხბურთელები, მათ შორის მთავარი მეგოლე ლევანდოვსკი.
ასეა თუ ისე, მშვიდ პირველ ტაიმში მამარდამ ერთხელ ფერან ტორესის დარტყმა მოიგერია. მეორე ნახევარში კი ინტრიგა მოემატა. 55-ე წუთზე „ვალენსიას“ კარში პენალტი დაინიშნა. ბურთს ფეხი ცუდად დაჰკრა ფერან ტორესმა და ააცილა, ბურთი ოდნავ შეეხო ძელს და მოედანი დატოვა. თუმცა უნდა ითქვას, რომ გიორგიმ მიმართულება გამოიცნო, ბოლომდე დაფარა კარი და უეჭველი აიღებდა ბურთი რომ კარში წასულიყო.
მაშინვე „ბარსას“ გატანა შეეძლო, მაგრამ უკვე ანსუ ფატიმ მოარტყა ბურთი მეორე ძელს.
მალევე ბოლო იმედის ჯარიმისთვის არაუხო მიაბრძანეს მოედნიდან და „ბარსა“ 10 კაცით დარჩა.
„ვალენსიას“ ნახევარ საათზე მეტი ჰქონდა დრო. თავქუდმოგლეჯილი წინ არ გაქცეულა, მაგრამ რაღაც მომენტები კი შეექმნა, თუმცა გატანამდე საქმე ვერ მივიდა. ისიც ვთქვათ, რომ ერთ ეპიზოდში მსაჯს მინიმუმ VAR-სთვის შეეძლო მემართა, როდესაც სტუმრები პენალტს ითხოვდნენ.
24 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 23 ქულით გასავარდნ მე-19 ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება მის წინ მყოფ სამ გუნდს.
მომდევნო შეხვედრა ვალენსიელებს 11 მარტს შინ აქვთ „ოსასუნასთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings