ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა, რომელიც 9-დან 16 თებერვლამდე გასტანს. შეჯიბრებებს ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი უმასპინძლებენ.
ფესტივალში სპორტის რვა სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიატლონი, თავისუფალი სრიალი, ფიგურული ციგურაობა, ყინულის ჰოკეი, შორტ ტრეკი, თხილამურებით რბოლა, სნოუბორდი) მონაწილეობას 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მიიღებს.
გახსნის ცერემონიაზე სპორტმენების ტრადიციული აღლუმი გაიმართა, მონაწილეებმა ოლიმპიური ფიცი დადეს, ღონისძიების ბოლოს კი ბაკურიანის ცენტრალურ პარკში ოლიმპიური ცეცხლი ქართველმა სამთო-მოთხილამურემ, ანასტასია მირიანაშვილმა აანთო და ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა.


გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი:
„მოგესალმებით ბაკურიანში, გამარჯობა, საქართველო. მადლობა შესანიშნავი დახვედრისთვის უმშვენიერეს ბაკურიანში ევროპის მე-17 ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის აღსანიშნავად.
10 წლის წინ თბილისში გამართული ევროპის ახალგაზრდული ზაფხულის მე-13 ოლიმპიური ფესტივალის წარმატების შემდეგ ყოველთვის გვჯეროდა, რომ საქართველო კვლავ უმასპინძლებდა ჩვენი კონტინენტის ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის გამორჩეულ ღონისძიებას. უკვე ვგრძნობ, რომ ფესტივალის სული ცოცხალია და მკაფიოდ იგრძნობა აქ. უკვე შევესწარით საოცარ გამოსვლას, ვიხილეთ ჩვენი 45 მონაწილე ქვეყნის სპორტსმენთა აღლუმი, რაც წინასაასპარეზო მღელვარებას კიდევ უფრო აძლიერებს. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ევროპის ოლიმპიურ მოძრაობაში. ბევრი ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენისთვის ეს პირველი საერთაშორისო მრავალდისციპლინარული შეჯიბრება იქნება, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, გამოავლინონ თავიანთი თავი და გამოცადონ თავი ევროპის საუკეთესო სპორტსმენებთან. ჩვენი ევროპის ელჩების წყალობით, თქვენ მიიღებთ იმ ფასეულობას და სულისკვეთებას, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს, როგორც გასულ ზაფხულს პარიზში ვიხილეთ და მომავალ წელს კვლავ ვიხილავთ მილან კორტინაში, ოლიმპიზმის სული სპორტსმენებს მთელი კარიერის განმავლობაში თან სდევთ. სწორედ აქ იწყება ეს გზა. ყველა სპორტსმენს გისურვებთ წარმატებას თქვენს ასპარეზობებში და იმედი მაქვს, რომ ბაკურიანიდან შემდგარი და კმაყოფილი დაბრუნდებით. „ბაკურიანი 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტს დიდ მადლობას გიხდით ამ ღონისძიების წარმატებაში ჩადებული დაუღალავი შრომისთვის. დაბოლოს, ჩვენს მოხალისეებს უდიდეს მადლობას გიხდით თქვენი თავდადებისა და გულთბილი ღიმილისთვის, რომლითაც ყოველთვის გვეგებებით“.

საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და ბიატლონი) რვა სპორტსმენი იასპარეზებს:
სამთო თხილამურობა
იასონ ვეზდენი, გიორგი ჯაფარიძე, ირაკლი ხერგიანი, გოგა გულედანი, ანასტასია მირიანაშვილი, ნელი უსტიმენკო
ფიგურული ციგურაობა
ინგა გურგენიძე
ბიატლონი
შიო ქუჩუკიანი

GIPHY App Key not set. Please check settings