Crystalbet ეროვნული ლიგის დასრულებამდე 3 ტური რჩება და ვითარებაც საკმაოდ დაძაბულია.
ბათუმის “დინამო” ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ ბოლო ტურებში გია გეგუჩაძის გუნდის არცთუ დამაჯერებელ თამაშს თუ გავითვალისწინებთ და იმასაც, რომ ეროვნული ლიგა ძალიან არაპროგნოზირებადი ჩემპიონატია, აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ტურის გახსნითი შეხვედრა საგურამოში გაიმართა და თბილისის “ლოკომოტივმა” ბათუმის “დინამოს” მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა. მატჩი უგოლოდ დასრულდა 0:0.
ამ მატჩის შედეგიდან გამომდინარე თბილისის “დინამოს” ბათუმელებთან სხვაობის შემცირების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ანდრეი დემჩენკოს გორის “დილამ” კახა ცხადაძის გუნდი აშკარად დაჯაბნა და საბოლოოდ 1:0 დაამარცხა კიდეც. მატჩის ერთადერთი გოლი მიმდინარე სეზონში გორული კლუბის ლიდერმა ირაკლი ბიძინაშვილმა გაიტანა. “დილა” ბოლო ტურებში ჩინებულ ფორმაშია. გორელებმა ზედიზედ 5 მატჩი მოიგეს და ევროსარბიელს მიუახლოვდნენ.
იმერული დერბი შედგა სამტრედიაში. “ეროსი მანჯგალაძეზე” “სამტრედიამ” წყალტუბოს “სამგურალს” უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. სამტრედიელები გივი იოსელიანის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში გიორგი ბუხაიძემ დუბლი შეასრულა და “სამგურალმა” “სამტრედიას” მიმდინარე სეზონში მესამედ მოუგო. “სამტრედიას” დარჩენილი სამი მატჩიდან სამივეს მოგება სჭირდებათ უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად, თუმცა ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე არ არიან დამოკიდებუნი. “შუქურამ” დარჩენილი სამი შეხვედრიდან ვერცერთი ვერ უნდა მოიგოს.
ქობულეთის “შუქურა” ორწლიანი პაუზის შემდეგ, ქობულეთში “ჩელე არენაზე” დაბრუნდა, მაგრამ არცთუ წარმატებულად. “შუქურამ” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენილ “ტორპედოს” უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. 11-მეტრიანი ზუსტად ოლეგ მამასახლისმა გაიტანა.
წარუმატებელი გამოდგა ლევან კორღალიძის დაბრუნება “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე. “საბურთალო” “თელავს” ეწვია და 1:2 დამარცხდა.
33 ტურის შემდეგ Crystalbet ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება.
GIPHY App Key not set. Please check settings