in , ,

ახალი ფორმა – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით: სად არის საქართველო და რას ეფუძნება ოპტიმიზმი

რამდენჯერ გიხილავთ, რომ საქართველოს ნაკრებს გაუმარჯვია და უმალ ყიჟინა ატეხილა? – ალბათ, ბევრჯერ, რადგან სტაჟიან გულშემატკივარს თეზისი: „კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დავმარცხდით“, უბრალოდ არ ესმის. მიზეზიც მარტივია. უცქერდე დამწუხრებულ „ლივერპულს“, „ვესტ ჰემს“, „ფეიენოორდს“ და სხვა უამრავ გრანდს, ცალკე მიმდინარეობაა. ჰოდა, როგორც კი ჩვენი ნაკრები იგებს, ბევრს ის ტკბილი დრო ახსენდება, როცა ქართული ფეხბურთი ქუხდა. თუმცა, თანმიმდევრულობის პრობლემა წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემაა. გვყავდა თაობა, რომელსაც გაცილებით დიდი მიზნებისათვის ბრძოლა შეეძლო, ვიდრე ერთხელ შესარჩევში მესამე ადგილი. კარგი, ეს ცალკე თემაა და დღევანდელობას დავუბრუნდეთ. მოკლედ, საქართველოს ნაკრები გამოცოცხლდა და გავაანალიზოთ ყველაფერი, რამაც ეს გამოიწვია.


რა შეიცვალა სანიოლის მოსვლის შემდეგ? – ბევრი რამ. მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ. ფრანგი სპეციალისტი მოსვლის დღიდან როტაციას მიმართავს. საგრძნობლად იმატა ეროვნული ჩემპიონატიდან გამოძახებულ მოთამაშეთა რიცხვმა, თანაც არა ფორმალურად. ჩაბრაძე, კუპატაძე, აზაროვი, კობახიძე, მამუჩაშვილი, მექვაბიშვილი და კიდევ ბევრი სხვა. ამ მოთამაშეებს შანსი ეძლევათ და მათი თავდადება მოედანზე აშკარაა.


გიბრალტარზე სწორებას ნამდვილად ვერ გავაკეთებთ, შესაბამისად, გავეშუროთ ბულგარეთისკენ. 5:2 გამარჯვება დიდებულია, თუმცა ყველაზე გამორჩეული, მაინც, მწყობრი კონტრშემტევი ფეხბურთი იყო. ზოგს კონტრშეტევა ღრმა დაცვაში ჩადგომა და იშვიათად წინ გახედვა ჰგონია, თუმცა მუდამ გახსოვდეთ იუგენ კლოპის „ლივერპული“. საქართველოს ნაკრებმა რაზგრადში ტოპ კონტრშემტევი ფეხბურთი გვიჩვენა და ზღვა რაოდენობის მომენტებიც შეიქმნა. ვერ ნახავდით უმისამართო გადაკიდებას იმის იმედად, რომ ტანმაღალი ბუდუ ზივზივაძე მცველთა შორის იყოჩაღებდა, პირველ ბურთს მოიგებდა დაამუშავებდა და შემდეგ ზუსტ პასსაც გააკეთებდა. ეს უტოპიის სფეროა და, სამწუხაროდ, ჩვენ არც ლუკაკუ და ანდაც ლევანდოსვკი არ გვყავს, რომ მსგავსი სათამაშო ფილოსოფიით ფონს გავიდეთ. მოკლედ, გააზრებული კონტრშეტევა, ცალსახად, სანიოლის აქტივშია შესატანი.


ფლანგები. თუკი რომელიმე რგოლს პროგრესი აშკარად ეტყობა, სწორედ ფლანგებია. მარჯვნივ კაკაბაძე-ლობჟანიძის ტანდემი შეტევითი პერსპექტივიდან მშვენიერი სურათია. რეაქტიული ლობჟანიძე და ოთარ კაკაბაძე, რომელსაც ძალიან კარგად ეწიფება ხელთ დრიბლინგი. მისი ყველაზე დიდი სისუსტე ჩაწოდებაა, რაც ლატერალისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სანიოლი კაკაბაძეს რიგ შემთხვევაში მარჯვენა ცენტრალურ მცველადაც იყენებს და აქ არაერთგვაროვნებაა. ზოგჯერ დამაჯერებელია, ზოგჯერაც ვერ. აი ბულგარეთთან მატჩი დაცვის მხრივ ნეგატიური იყო, თუმცა გავიხსენოთ მისი ტოპ პერფორმანსი შვედეთთან, როცა კვარაცხელიას დუბლით მოვიგეთ. ვინიცის, შეიძლება კარიერის საუკეთესო მატჩიც კი ჩაატარა დაცვის კუთხით.

მარცხნივ არჩევანი კიდევ უფრო დიდია. კვარაცხელია აზაროვი წიტაიშვილი. გიორგიმ გიბრალტართან დაცვითი სამუშაოს შეთავსებაც შეძლო, თუმცა კიდევ ერთგზის, გიბრალტარზე სწორებას ვერ გავაკეთებთ! ირაკლი აზაროვი კი იმედის კიდევ ერთი ნაპერწკალია. თუკი მის სუსტ წერტილს მოვძებნით ალბათ, მაინც, დაცვამდე მივალთ. შეტევაში კი უბრალოდ საუცხოოა. კვარაცხელიასა და მისი ერთობლივი მოქმედება მოწინააღმდეგე გუნდის დაცვის ხაზს გაწელვას აიძულებს, რადგან განაპირა მცველი დაზღვევის გარეშე ფონს ვერ გავა, შესაბამისად, სივრცე მოედნის ცენტრში თავისუფლდება და ნაკრების შემტევი პოტენციალიც იზრდება. გაიხსენეთ ზივზივაძის გოლი ბულგარეთთან. იდეალური კონტრშეტევა, ელვის სისწრაფეზე აგებული კონტრიერიში და იდეალურად ათვისებული ღრიჭო მოედნის ცენტრში, რომელიც ფლანგურმა იერიშმა ასულდგმულა, თუმცა… საქართველოს ნებისმიერი ფორმაციის ნაკრებისაგან სრულიად პერვერსიული სურათი – გოლი გავუშვით და დემორალიზაციის ნაცვლად, უმალ გოლი შევაგებეთ.


კარგი, მთლად ხოტბა-დიდებაში რომ არ გადავვარდეთ სისუსტეებსაც შევეხოთ, რადგან სამუშაო ძალიან, ძალიან ბევრია! ნახევარდაცვა – შეტევისა და დაცვის მაკავშირებელი რგოლი, გნებავთ ხიდი, რომელიც ჩვენი ნაკრების აქილევსის ქუსლია. მშვენივრად გამოიყურებოდნენ აბურჯანიაცა და კვეკვესკირიც ბულგარეთთან, თუმცა ფაქტი, რომ ჩვენ ნახევარმცველთაგან არცერთს შეუძლია ჯეროვანი გრძელი პასის გაკეთება, ამას ვერსად წავუვალთ. წარმოიდგინეთ, რომ მოედანზე ხართ და გრძელ პასს ასრულებთ. წინაღობის გარეშე, ზუსტი ტრაექტორიით ბურთი ადრე თუ გვიან ადრესატადს უწევს, თუმცა ამდენს ვინ გაცდის? რომ პასის გაცემიდან ადრესატთან მისვლამდე ბურთის ჰაერში ყოფნის საშუალო დრო, საკმაოდ დიდ რიცხვს მივიღებთ. ეს არის პრობლემა, რომელიც კარგა ხანია გადაუჭრელია და ამ მხრივ სამუშაო ძალიან ბევრია. ჯაბა კანკავას შემცვლელი, ანუ დაცვითი ყაიდის ნახევარმცველი ცალკე პრობლემაა. ბულგარეთთან კვეკვესკირმა შეითავსა 6-იანის როლი, თუმცა ის ბუნებრივად 8-იანი უფროა შესაბამისად, კანკავასდარი ხისტი და ჭკვიანი ნახევარმცველი ჯერ არ გვყავს.


„ხვედელიძე, დაცვას მიხედე დაცვას!“ ანდაც: „შეტევა იგებს მატჩებს, დაცვა კი ტიტულებს“- ეს სერ ალექს ფერგიუსონის სიტყვებია და ერთ-ერთი პრობლემა დაცვის ცენტრია. ქართველ ცენტრალურ მცველთა კარიერა ერთი სიტყვით რომ შეფასდეს, ალბათ, ტურბულენტური იქნებოდა. გვახსოვს კვირკველია „ლესტერს“ სურდა, შემდეგ რუსეთშიც აღარ ათამაშებდნენ, ახლა საერთოდ საქართველოს ჩემპიონატშია. იგივე ითქმის ხოჭოლავაზეც, რადგან „შახტარში“ არსებულ უდიდეს კონკურენციას ჯეროვნად ვერ გაუმკლავდა. ამ მხრივ გამორჩეული გურამ კაშიაა და მასზე აღარ დავწვრილმანდებით. სადაც მივიდა ყველგან შეუცვლელი იყო. ჰოდა, ეს უთამაშებლობა და არასტაბილურობა ფორმაზეც ახდენს გავლენას. 5 გატანილი გოლი კარგია, მაგრამ 2 როგორ გავუშვით? – ორი ჩაწოდება, ორი წაგეუბლი მეორე სართული და 2 გაშვებული გოლი. ამ მხრივ სამუშაო დიდია.


დაბოლოს, არსებობს ასეთი გამოთქმა – საქმის რელსზე შეყენება. ამისაგან არც შორს და არც ახლოს ვართ. კიდევ რამდენიმე დეტალია გამოსასწორებელი, რათა ახალი, საინტერესო სისტემის VOL.2.0. გაეშვას. დღეს კი დიდი დღეა, 2 წლისწინ ჩრდ მაკედონიამ პანდემიურ რეალობაში ერთადერთი იმედი წაგვართვა, ჰოდა, ვნახოთ…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბოსტონმა გოლდენ სტეიტი დაამარცხა და სერიაში კვლავ წინ გაიჭრა

შენგელიამ ფინალი წაგებით დაიწყო