in

აქ ყველას უნდა, რომ დავრჩე, დიდ სიყვარულს, მაგრამ მე სერია A-ში მინდა…

“სტადიო ოლიმპიკოზე” “ლაციომ” მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა “კრემონეზესთან”, 71 ქულა დააგროვა და მეორე ადგილისთვის ბრძოლაში პოზიციები გაიმყარა.

რომაელი “არწივებისგან” განსხვავებით, სამწუხარო შედეგი აქვთ კრემონელებს. ქართველი ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის “კრემონეზე” 24 ქულით მე-19 ადგილზეა და მომავალი სეზონიდან კვლავ სერია B-ში იასპარეზებს…

სერია B

“გრიჯოროსის” (“რუხ-წითლებს”) სეზონის განმავლობაში ფუჭად განიავებული ქულები ძალიან ძვირი დაუჯდათ. მასიმილიანო ალვინის “კრემონეზე” შეტევის ხაზში ეფექტურ ფეხბურთს ვერ გვთავაზობდა, თუმცა იტალიის თასზე გუნდი ახერხებდა გრანდების წინააღმდეგ ბრძოლას და ხელმძღვანელობა გვიანღა მიხვდა, რომ აუცილებელი იყო ცვლილებები…

და აი, ისიც – 15 იანვარს კრემონელთა გადასარჩენად საფეხბურთო ფერხულში ერთვება დავიდე ბალარდინი. ის შემტევი ფეხბურთის მოყვარულია. იტალიის თასზე წარმატებული სტარტი, თითქოს, იმედისმომცემი სხივია…

თვით “ნაპოლისა” და “რომას” დამარცხებით “კრემონეზემ” 36-წლიანი პაუზის შემდეგ ნახევარფინალში ითამაშა. იტალიის ჩემპიონატში ბალარდინის მემკვიდრეობად დახვდა 7 ქულა და არცერთი მოგებული შეხვედრა.

ათწლეულების შემდეგ სერია A-ში პირველი გამარჯვებაც დაფიქსირდა – კრემონელთა ლუკმად ამჯერადაც ჟოზე მოურინიოს “რომა” იქცა. ახლა სერიას A-ს დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. ოთხი მოგებული შეხვედრა, რა თქმა უნდა, საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ “კრემონეზე” სერია A-ში დარჩენილიყო.

ასევე უიღბლო აღმოჩნდა ნახევარფინალური შეხვედრა იტალიის თასზე – “კრემონეზემ” აქაც იბრძოლა, მაგრამ ვინჩენცო იტალიანოს “ფიორენტინასთან” უძლური აღმოჩნდა.

რომაული დერბი და საიუბილეო 10 წელი

სანამ კრემონაში ადგილობრივი ქომაგობა სერია A-დან გავარდნას განიცდის, დედაქალაქში სულ სხვა ემოციებით დატვირთული სამზადისი ჰქონდათ. 15-წლიანი ერთგულების შემდეგ, “არწივები” ფეხბურთიდან სტეფან რადუს აცილებენ.

რადუს “ლაციო”, ასევე 10 წლის წინ, 2013 წლის 26 მაისს, “ლაციო” იტალიის თასის ფინალში საძულველ მეტოქეს, “რომას” შეხვდა და დაამარცხა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად სპეციალური მაისური, სპეციალურად მოწვეული სტუმრები და სავსე “სტადიო ოლიმპიკო”.

მთავარი სიმბოლო და ზეიმის მიზეზი კი ის არის, რომ მათ “რომა” დაამარცხეს. ამ თარიღს ისინი “მგლებს” ყოველ წელს ნიშნის მოგებით ახსენებენ.

ახლა კი “სტადიო ოლიმპიკოს” მატჩს დავუბრუნდეთ. “კრემონეზეს” ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, თუმცა ღირსების შეხვედრა და ფრე “ლაციოსთან” მათთვის ნამდვილად იქნებოდა პოზიტიური ასპექტი, თუმცა…

უკვე მე-4 წუთზე “ლაციო” ელსაიდ ჰისაის გოლით დაწინაურდა, 37-ე წუთზე კი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მიუხედვად იმისა, რომ დავიდე ბალარდინიმ დაცვაში ლამის ნახევარი გუნდი გადაისროლა, პირველ ნახევარში მათი ქაოტური თამაში წასაგებად იყო განწირული, რომ არა ემანუელე ვალერი…

ის ისარგებლებს “ლაციოს” დაცვის ხაზის მოუქნელობით, წამოიწყებს შეტევას, საგოლე გადაცემას გაუკეთებს პაბლო გალდამესს და ისიც 54-ე წუთზე ივან პროვედელის კარში კრემონელთა პირველ გოლსაც გაიტანს – 2:1.

…გადის 4 წუთი. დაბნეულობა “ლაციოს” საჯრიმოში და მანუელ ლაძარის ავტოგოლით სტუმრები ანგარიშს ათანაბრებენ – 2:2. “არწივების” გამარჯვებას, შეხვედრის 89-ე წუთზე, “შერიფად” წოდებული მილინკოვიჩ-სავიჩი ოფიციალურად გააფორმებს. ტაბლოზე კი საბოლოო ანგარიში დაფიქსირდება – 3:2.

მეომარი არასოდეს ნებდება!

“კრემონეზემ” დასანანი 3 გოლი გაუშვა, თუმცა ლუკა ლოჩოშვილის თამაში, მიუხედავად წაგებისა, დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ. ის ეფექტური იყო ბურთის თავით მოგერიებაში. ჰქონდა ეპიზოდები, როცა მილინკოვიჩ-სავიჩის განეიტრალებას საკმაოდ დამაჯერებლად გაართვა თავი…

ლუკამ მოედანზე 77 წუთი დაყო. სათამაშო ეპიზოდისას, ფეხზე მიღებული მცირედი ტრავმის გამო, მოედნის დატოვებამ მოუწია. საბედნიეროდ, საშიში არაფერია.

ხშირად, რომაელი კოლეგები ლუკას შესახებ მეკითხებიან. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ მას სერია A-ს ცხრილის პირველი ათეულში მყოფი გუნდი მოუხდებოდა. “მებრძოლია და უნარი აქვს, რომ ამ გუნდებში თამაშს თავი გაართვას”, – ეს მათი აზრია.

რეალობა კი ცოტა არასახარბიელო. “კრემონეზე” გავარდა. როგორც ხშირად ხდება, გავარდნილი გუნდის ფეხბურთელებს უჭირთ ახალი კლუბის მოძებვნა.

არადა, ლუკას გასული წლის სტატისტიკური მონაცემები ნამდვილად პოზიტიური აქვს – სადებიუტო წელი სერია A-ში, ერთი გოლი და ერთიც საგოლე გადაცემა. ის, ყოველთვის ეფექტურია იმ პოზიციაზე, რომელიც აბარია. გონიერია და არც ბრძოლას ერიდება…

და მაინც, რატომ გავარდა “კრემონეზე”? განვმეორდები და ვიტყვი, რომ მასიმილიანო ალვინის “კრემონეზე” შეტევაში არაეფექტური იყო. საჭიროებამ მოიტანა ახალი ხედვა. ნოემბერში რომ შეცვლილიყო მწვრთნელი, სერია A-ში დარჩენის შანსი გაცილებით მეტი იქნებოდა.

იანვარში ლუკა ტრავმით დაუხვდა ახალ მწვრთნელს. დავიდე ბალარდინიმ კი მის მიმართ ნდობის გამოცხადება ცოტა დააგვიანა.

რატომღაც, აპრილამდე ლუკას ძირითად შემადგენლობაში არ აყენებდა. ამას დაერთო სანაკრებო პაუზა და ლოჩოშვილი ვერც ვილი სანიოლის განაცხადში მოხვდა, არადა, უკვე ფორმაში იყო და ტრავმაც აღარ აწუხებდა…

თითქოს, ყველამ ერთად შეკრა პირი. დღეს კი “კრემონეზეს” ხელმძღვანელობა ცდას არ აკლებს, რომ ლუკა კლუბში დარჩენაზე დაიყოლიოს. თუმცა “ქართველი კედელი” იმსახურებს, რომ კიდევ ბევრი შეხვედრა ჩაატაროს სერია A-ში. რთულია, მაგრამ მიღწევადი!

იცით, მებრძოლი ადამიანები რატომ მიყვარს? ისინი არასოდეს არ ნებდებიან, აგრძელებენ ბრძოლას და იმარჯვებენ. ბალარდინი გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა, რომ ქართველი მცველი მისი სასტარტო შემადგენლობის დასაყრდენი და სანდო რგოლი იყო.

ჯერი ახლა საქართველოს ნაკრებზეა. ლოჩოშვილის მონაცემების მქონე ფეხბურთელი დღევანდელ ნაკრებს ჰაერივით სჭირდება, მით უმეტეს, რომ “მცველების სამჭედლოში”, როგორც ხშირად მოიხსენიებენ იტალიურ ფეხბურთს, ლუკამ ტოლი არავის დაუდო.

…”ლაციოსთან” მატჩის დასრულების შემდეგ, Mix-ზონაში ქართველ მცველთან გასაუბრების შესაძლებლობა მომეცა. ვილაპარაკეთ მატჩზე, განვლილ ერთ წელიწადსა და მომავლის გეგმებზე. ინტერვიუს სრულად ვიდეოში მოისმენთ, აქ კი ერთ ფრანგმენტს გთავაზობთ:

“ამ სეზონმა გამოცდილების მხრივ ძალიან ბევრი მომცა. იტალია ყველაზე ძლიერი ჩემპიონატია ინგლისის შემდეგ. ყველა თამაშში რაღაც სწავლობ. ძალიან რთული ტაქტიკური ბრძოლებია… ეს მართლაც ძალიან დიდი გამოცდილება”, – მითხრა ლუკამ.

საინტერესოა, სად ხედავს ლოჩოშვილი საკუთარ მომავალს? “რა თქმა უნდა, ძალიან მინდა კარიერა სერია A-ში თამაში, მაგრამ პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მაქვს კონტრაქტი.

აქ ძალიან უნდათ, რომ დავრჩე. გულშემატკივრების სურვილიც ეს არის – ქუჩაში მხვდებიან და მთხოვენ, რომ მომავალ სეზონშიც აქ ვიყო. დიდი სიყვარულს და სითბოს ვგრძნობ… ძნელი სათქმელია, რა მოხდება. გააჩნია რა შემომთავაზებები იქნება”.

დღეს 29 მაისია – ლუკა ლოჩოშვილის დაბადების დღე. ის 25 წლის გახდა. იმედი დავიტოვოთ, რომ მომავალ სეზონში მას კვლავ სერია A-ში ვიხილავთ…

სალომე ხარატიშვილი რომიდან,
სპეციალურად lelo.ge-სთვის

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენები ჩემპიონთა ლიგაზე: ვინ ითამაშებს და სად – ევროპაში ჩემპიონი ქართველები იმატებს

თუ კვარა და ოსი დარჩებიან: ლუის ენრიკე გარანტიას ითხოვს, პრეზიდენტი ამ გარანტიას იძლევა