პრემიერ ლიგის ოფიციალურმა საიტმა წერილი მიუძღვნა გიორგი ჩაკვეტაძეს. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ჩემპიონშიფის იმ ხუთ ვარსკვლავს შორის მოიხსენიეს, ინგლისური ფეხბურთის ელიტაში თამაშს რომ იმსახურებს.
ჩაკვეტაძის მიმართ არის ინტერესი პრემიერ ლიგიდან, თუმცა ტრანსფერი უფრო ზაფხულში შედგება, ვიდრე ახლა, რადგან “უოტფორდს” პრემიერლიგაში გადასვლა სურს და ქართველი ლიდერის იმედი აქვს.
“როცა ბურთი გიორგი ჩაკვეტაძის ფეხებთანაა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი “უოტფორდის” ფანების აღაფრთოვანებას იწვევს, – ვკითხულობთ წერილში, – ეს მოთამაშე, ვინც ახლა 25 წლისაა, გამუდმებით უვლის გვერდს მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს, ფლობს შესანიშნავ დრიბლინგს და შეტევის დასკვნით ფაზაშიც ახერხებს სიტუაციის გამწვავებას.
ჩაკვეტაძე თავისი სათამაშო სტილით უფრო შემქმნელი ფეხბურთელია, ვიდრე ბომბარდირი. მიმდინარე სეზონში მან შექმნა 57 საგოლე მომენტი, რაც ჩემპიონშიფში საუკეთესო მაჩვენებელია. გააკეთა 45 საკვანძო გადაცემა და ამ მაჩვენებლით რეიტინგის სათავეშია. მოქმედებს მეტწილად მარცხენა ფლანგზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩაკვეტაძე ყოველთვის ჩართულია “სტანდარტულების” გათამაშებაშიც. ცოტა გასაკვირია, რომ ჩემპიონშიფის პირველი ტურის მერე, როცა ჩაკვეტაძემ დიდებული დარტყმით გაუტანა “მილუოლს”, ან მხრივ აღარ გამორჩეულა…
ჩაკვეტაძე არის შრომისმოყვარე და გუნდური მოთამაშე, ვინც შესანიშნავადაა ჩართული პრესინგში. მას განსაკუთრებულ ტალანტად აქცევს მომენტის შექმნის ჯადოსნური უნარი. გასაკვირი არაა, რომ მისით პრემიერ ლიგის კლუბები არიან დაინტერესებულები. მისი ტალანტიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, ის მზადაა უმაღლეს დონეზე სათამაშოდ”.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings