in

აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ: დღეს ევროპის სუპერთასია – კვარაცხელიაც ადამიანია

13 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი “პარი სენ-ჟერმენი” და ევროპალიგის გამარჯვებული “ტოტენჰემი” ევროპის სუპერთასისთვის ერთმანეთს უდინეს “ბლუენერჯიზე” დაუპირისპირდებიან. ახალ საფეხბურთო სეზონს გაზეთი “ლელო” სწორედ ამ მატჩის გაშუქებით იწყებს…

მატჩის წინა დღე, ტრადიციულად, უეფა-ს მიერ დაგეგმილი პრესკონფერენციებითა და გუნდების ვარჯიშებით იყო დატვირთული. დღის მთავარი თემად ჯანლუიჯი დონარუმასა და პსჟ-ის დაპირისპირება იქცა. “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელისთვის, თომას ფრანკისთვის, ეს მისი პირველი მნიშვნელოვანი ფინალია, რომელსაც შეფარული ემოციებით ხვდება. ჟურნალისტების წინაშე ის საკმაოდ თავდაჯერებულად წარსდგა:

“ჩემი გუნდის შესაძლებლობების მჯერა და კარგად მესმის, რომ ეს ფინალი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. პროფესიულად, ეს ჩემთვისაც დიდი შანსია და ბოლომდე ვაპირებ გამოვიყენო. იმისთვის, რომ მოვიგოთ, მეტოქის თამაში სხვადასხვა პოზიციებზე უნდა გავაკონტროლოთ, რადგან ფენომენალურ გუნდს ვეთამაშებით. მათ გასულ სეზონში ყველაფერი მოიგეს და კვლავ გამარჯვებისთვის არიან მომართულები…

კვარაცხელია? ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, ნიჭიერი… ჩვენ არაერთხელ ვნახეთ მისი დრიბლინგები “ნაპოლიში”, ეროვნულ ნაკრებში და ასევე პსჟ-ში. თუმცა ისიც ადამიანია და ჩვენი დაცვის ხაზი აუცილებლად იპოვის გზას, რომ გააჩეროს…

ჩვენ, მეტოქისგან განსხვავებით, შესაძლოა მომზადება უფრო ადრე დავიწყეთ, თუმცა ბევრი მოგზაურობაც მოგვიხდა. ხვალ მოედანზე ნამდვილად იქნება ბრძოლა. სუპერთასისთვის ბოლომდე დავიხარჯებით”, – თქვა “ტოტენჰემის” ახალმა თავკაცმა.

“მამლების” მარცხენა მცველმა ბენ დევისმა და მეკარე გულიელმო ვიკარიომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს მატჩისწინა ემოციები გაგვიზიარეს.

“გუნდში ყველაზე ასაკიანი ვარ და ეს ჩემთვის პასუხისმგებლობაა, – აღნიშნა ვიკარიომ, – პასუხისმგებლობა მაქვს, რომ ახალგაზრდებს გამოცდილება გავუზიარო. საბედნიეროდ, მატჩს ყველა სერიოზულად უდგება. ერთადერთი, რაც თანაგუნდელებს მათ შემიძლია ვურჩიო, არის ბოლომდე ბრძოლა”.

დონარუმას თემაზე ვიკარიომაც ისაუბრა: “ხვალინდელ შეხვედრაში ჯანლუიჯი დონარუმა არ იქნება, ინფორმაცია უკვე მაქვს. ის ნაკრებში ჩემი კაპიტანია… დელიკატური საკითხია, რომელიც მხოლოდ მასსა და გუნდს შორის უნდა გადაწყდეს. მას საუკეთესო სურვილებს ვუგზავნი”.

პარიზელთა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს გუნდის კაპიტანმა, ცენტრალურმა მცველმა მარკინიოსმა და მარცხენა მცველმა ნუნუ მენდეშმა მიმართეს.

“სეზონის პირველი შეხვედრაა და ჩვენ მზად ვართ, მეტოქეს სათანადო ძალისხმევით შევებრძოლოთ”, – თქვა მარკინიოსმა, რომლის აზრითაც, გუნდში სულიერი ერთობა გადამწყვეტია”.

მენდეშმაც გაგვიზიარა თავისი ემოციები: “ვაცნობიერებთ, რომ სეზონი ჩვენთვის გრძელი და დამღლელი იქნება. ხვალ ვეცდებით ისეთი ფეხბურთი ვითამაშოთ, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს. დონარუმას გუნდის გარეთ დატოვება, სამწუხაროდ, ჩვენი გადასაწყვეტი არაა. ჩვენი ვალია, ვივარჯიშოთ, ხოლო გადაწყვეტილებები მწვრთნელმა უნდა მიიღოს”.

პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე კი ამბობს: “გვესმის, რომ მეტოქე უკვე თვეზე მეტია ვარჯიშობს, ჩვენ კი მხოლოდ ერთი კვირაა, რაც სეზონისთვის მზადება დავიწყეთ. ეს ალიბად არ გამოგვადგება. სუპერთასის გადამწყვეტ მატჩში აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ”.

რა თქმა უნდა, დონარუმასთან დაკავშირებულ კითხვას ვერც ლუის ენრიკე ასცდა: “მასზე მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა. ის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში. ჩვენ კი ახლა ახალ სახეს ვეძებთ”.

კითხვაზე, თუ ვის დააყენებს კარში, პსჟ-ის მწვრთნელმა თავი შეიკავა. მისი პრესკონფერენციიდან ზუსტად ექვს წუთში დონარუმამ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა:

“პსჟ-ის განსაკუთრებულო გულშემატკივრებო! პირველი დღიდან, რაც აქ მოვედი, ყველაფერი გავიღე, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ, რათა დამემსახურებინა ჩემი ადგილი და სიამაყით დამეცვა “პარი სენ-ჟერმენის” კარი. სამწუხაროდ, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ მე ვეღარ შევძლებ ამ ჯგუფის ნაწილად დარჩენას და გუნდის წარმატებებში მონაწილეობას.

ამ გადაწყვეტილებამ იმედგაცრუებული დამტოვა. გულდაწყვეტილი ვარ. იმედი მაქვს, კიდევ მექნება შესაძლებლობა, თვალებში შევხედო “პარკ დე პრენსის” გულშემატკივრებს და დაგემშვიდობოთ, როგორც ამას იმსახურებთ. თუ ეს არ მოხდება, მინდა იცოდეთ, რომ თქვენი მხარდაჭერა და სითბო ჩემთვის დიდი მნიშვნელობის იყო და არასოდეს დამავიწყდება.

ყოველთვის მემახსოვრება ემოციები, ჯადოსნური ღამეები და თქვენთან ერთად განცდილი მოგონები. თქვენმა სიყვარულმა თავი მაგრძნობინა ისე, როგორც საკუთარ სახლში. ჩემ თანაგუნდელებს, ჩემს მეორე ოჯახს, მადლობა თითოეული ბრძოლის, ღიმილისა და გაზიარებული მომენტისთვის. თქვენ ყოველთვის ჩემი ძმები იქნებით. ამ კლუბში თამაში და ამ ქალაქში ცხოვრება ჩემთვის უზარმაზარი პატივი იყო. გმადლობ, პარიზო”!

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო პოლონეთში ჩავიდა და იქ ვარჯიშობს

კვარაცხელია სეზონის MVP გახდება