in

აურევს თუ არა ხვიჩა მილანს თავგზას: ნაპოლი გამოსავლის ძიებაშია და გასაღები შეიძლება კვარა გახდეს

„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში დიდი ხანია მოაგვარა საქმეები და სკუდეტომდე წუთებიღა აშორებს, აი ევროპაში კი გადამწყვეტი ამბები ახლა ეწყება. ფორტუნამ ისე ინება, რომ ევროპული ტრიუმფის გზა ისევ იტალიურ გუნდებზე გადის. ¼ ფინალში „მილანს“ შეხვდება, წარმატების შემთხვევაში კი დიდია იმის ალბათობა, ½ ფინალში „ინტერს“ დაეჯახოს. ოღონდ ჯერ „მილანზე“ ფიქრია საჭირო, მით უმეტეს, რომ არც თუ კარგი ამბები დაემთხვა. გუნდის მთავარი გოლეადორი ვიქტორ ოსიმენი დანამდვილებით უნდა ითქვას, რომ „მილანთან“ პირველ მატჩში არ იქნება. მაქსიმუმი ის გახლავთ, რომ სათადარიგოთა სკამზე იჯდეს და ცოტა ხანი შევიდეს. ესეც საკითხავია. ნიგერიელის არყოფნას დაემატა ჯოვანი სიმეონეს ტრავმაც და მილანელებთან ვერც ის დაეხმარება „ნაპოლის“. მოკლედ, ლუჩანო სპალეტის თავის ტკივილის დრო დაეწყო და ამ ვითარებიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზა… ხვიჩა კვარაცხელიაა.

საქმე ისაა, რომ ტრავმირებულებისა და პლუს რასპადორის არც თუ საუკეთესო ფორმაში ყოფნის გამო, არ არის გამორიცხული ქართველმა შემტევმა ცენტრფორვარდის ადგილი დაიკავოს: კვარაცხელია შესაძლოა „მილანთან“ ტაქტიკური გასაღები გახდეს – წერენ იტალიელები და ამის მიზეზად ის მოჰყავთ, რაც უკვე ვთქვით.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ „ლეჩესთან“ მატჩში კვარამ სწორედ ამ პოზიციაზე, ე.წ. „ცრუ ცხრიანზე“ გადაინაცვლა სიმეონეს გასვლის შემდეგ. თანაც, ნაკრებში უკვე უთამაშია ამ ადგილზე და ასე მოულოდნელმა გადაწყობამ იქნებ „მილანისთვის“ დეზორიენტაცია გამოიწვიოს.

იტალიელები იხსენებენ 2016/17 წლების სეზონს, როდესაც ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა, მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ცენტრფორვარდად ამ პოზიციისთვის გამოუცდელი დრის მერტენსი დააყენა. ამან ბელგიელის კარიერა მნიშვნელოვნად შეცვალა და „ნაპოლის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

რა მოხდება ხვიჩას შემთხვევაში?..

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპაში გოლები ლეოსია: მესიმ რონალდოს გაასწრო

კლასიკოს ბოლო წუთების დრამა: დინამოების პირველობა გრძელდება