ეროვნული ლიგის მეოთხე ტური საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. 4 შეხვედრაში ბევრი ლამაზი გოლიც გავიდა, მაგრამ განვლილ ტურს სკანდალებიც თან ახლდა.
ზიდანის დუბლი ქუთაისში და თრილერი თბილისში
თბილისის “დინამოსა” და “საბურთალოს” შეხვედრაში, რომელიც “დინამომ” 4:3 მოიგო, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა საეჭვო გადაწყვეტილებები მიიღო. კიკაჩეიშვილმა “დინამოს” სასარგებლოდ ჯერ ძალიან საეჭვო პენალტი დანიშნა. საპასუხოდ კი “საბურთალოს” პენალტი არ დაუდო.
ამ თემასთან დაკავშირებით “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს.
Sport4me.ge ლევან კორღალიძეს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური კომენტარი ჩაწერა.
“მწვრთნელად მუშაობის დიდხნიანი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი მსაჯებზე საუბრისგან თავი შემეკავებინა. წაგებულ მატჩზე მსაჯს არ უნდა დააბრალო მარცხი. 0:6-იც წამიგია და 0:1-იც და მუდამ საკუთარ თავში ვეძებდი შეცდომებს, მაგრამ ეს რაც ხდება, ამას სამარცხვინო ჰქვია. გუშინ კიკაჩეიშვილი უნამუსოდ მოიქცა და “დინამო არენაზე” ცირკი დადგა. თუ საეჭვო პენალტს მე მიდებ, მაშინ ანალოგიურ პენალტს ჩემს სასარგებლოდ რატომ არ დებ? ეს ყველაფერი დღეს არ დაწყებულა, დიდი ხანია გრძელდება და ამ საქმეს ბოლომდე მივყვები. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი სცენარია და მსაჯების უკან სხვა დგას. ასეთი უსამართლობის გამო აპირებდა ბათუმის დინამოს პრეზიდენტი აჩი ბერიძე ფეხბურთიდან წასვლად და ასე გვსურს ჩვენ ეროვნული ჩემპიონატის განვითარება?
არ ვიცი, დიდი უსამართლობის განცდა მაქვს და არ მაქვს სურვილი ასეთ ვითარებაში მუშაობის. “საბურთალოსგან” დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ და მათი მაადლობელი ვარ, მაგრამ ასეთ უსამართლო ჩემპიონატში მუშაობა გაუსაძლისია. არაა გამორიცხული კლუბი დავტოვო. კიკაჩეიშვილი მერამდენე მატჩია ასე იქცევა და მაშინ საერთოდ უნდა აუკრძალო მსაჯობა”, – ამბობს ლევან კორღალიძე.
GIPHY App Key not set. Please check settings