სლოვაკეთის დედაქალაქში, ბრატისლავაში, უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ.
რამაზ სვანაძის გუნდი, ჯგუფში ძველ მეტოქეს პორტუგალიას, საფრანგეთს და პოლონეთს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატს, 11-დან 28 ივნისის ჩათვლით სლოვაკეთის 8 ქალაქი უმასპინძლებს.
11 ივნისი | პოლონეთი V საქართველო | ჟილინა
14 ივნისი | საფრანგეთი V საქართველო | ჟილინა
17 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | ტრენჩინი
ბრატისლავაში გამართულ ცერემონიას, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი – რამაზ სვანაძე, სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი – ალექსნადრე იაშვილი და სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი – კახა ჭუმბურიძე ესწრებოდნენ.
რამაზ სვანაძე:
„საინტერესო ჯგუფია, რა თქმა უნდა რთული მატჩები გვექნება, თუმცა ასეთ გუნდებთან დაპირისპირება ჩვენთვის საფეხბურთო დღესასწაულია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ კარგად წარმოვაჩინოთ ქართული ფეხბურთი ამ ტურნირზე.
აქ უკვე მეორედ ვთამაშობთ, აქ ყოფნის უფლება ამჯერად ჩვენი თამაშით და უდიდესი შრომით მოვიპოვეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ჩვენი სამწვრთნელო შტაბი, ასევე ჩვენი ფეხბურთელები ივნისში ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ ჩვენი გუნდი და ჩვენი თავი აქ ღირსეულად წარმოვაჩინოთ.
დანარჩენ დეტალებზე ალბათ ცოტა უფრო მერე უნდა ვისაუბროთ, წინ გვაქვს მარტის სანაკრებო პაუზა, ივნისის ამხანაგურები და იმედი მაქვს, რომ ყველა ფეხბურთელი ამ თამაშებს მწყობრში შეხვდება“.
ალექსანდრე იაშვილი:
„თავიდანვე ვიცოდით, რომ მარტივი ჯგუფი არ შეგვხვდებოდა, რადგან ამ ტურნირზე ევროპის საუკეთესო 16 ნაკრები თამაშობს. კი, პორტუგალიაც და საფრანგეთიც არიან ტოპ ქვეყნები, მაგრამ 2023 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება.
ახლა მთავარია კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიართო და ფეხბურთელები ჯანმრთელად შეხვდნენ ტურნირს. დანარჩენი გამოჩნდება მოედანზე.
ძალიან საამაყოა, რომ ზედიზედ მესამე ზაფხული საქართველო თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე, რაც ძალიან დიდი მიღწევა მგონია, მაგრამ მთავარი უკვე ტურნირზე გასვლა აღარ არის, განვლილი ორი ტურნირიდან გამომდინარე გვაქვს იმის ამბიციაც, რომ ფინალურ ეტაპზე ჩვენი სიტყვა ვთქვათ და კიდევ ერთ ახალ ნიშნულს მივაღწიოთ“.
GIPHY App Key not set. Please check settings