in

ასეთი რამ დიდებულია… ლეგენდების გამოხმაურებები

თბილისში საფეხბურთო ზეიმი შედგა. ქართველმა ვეტერანებმა და ვარსკვლავებმა „ბარსელონას“ ლეგენდებს უმასპინძლეს და 1:3 წააგეს. ბუნებრვია, ასეთ დროს ანგარიში გადამწყვეტი არ არის. მთავარია, პუბლიკა იყოს კმაყოფილი. ფეხბურთელები კი ქომაგებით არიან კმაყოფილი.

საქართველომ ბარსელონასთან წააგო: 4 გოლი, რონალდინიო და ლეგენდები

თამაშის შემდეგ ჩვენმა და სტუმარმა ფეხბურთელებმა კომენტარი გააკეთეს.

თემურ ქეცბაია (GEO11-ის მწვრთნელი):
„ვფიქრობ, მშვენიერი საფეხბურთო საღამო გამოვიდა, გულშემატკივარმა კარგი თამაში ნახა. სამწუხაროდ, წავაგეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია. ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის კარგი იქნება, თუ ეს ტრადიცია გაგრძელდება და ასეთი მატჩები კიდევ ბევრჯერ ჩატარდება. დღეს საქართველოში ფეხბურთი პოპულარობის პიკშია და რაც მეტი ასეთი თამაში იქნება, მით უკეთესი მაყურებლისთვის.
“დინამო არენაზე” დაბრუნებაც განსაკუთრებული ამბავია. ამ სტადიონს ჩემთვის ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სწორედ ამ არენაზე დავიწყე უმაღლეს დონეზე თამაში. ამ მინდორზე შესვლა სულ სხვა ემოციაა.
ძალიან მინდოდა, რომ მეც მეთამაშა, მაგრამ სამწუხაროდ არ შემიძლია. ალბათ ზოგიერთებმაც დაინახეს, რომ დროა უკვე. ხუმრობა იქეთ იყოს და ყველა ცდილობდა, რაც შეეძლოთ, გააკეთეს. ჩვენზე ძლიერი გუნდი იყო და მოგვიგეს კიდეც დამსახურებულად“.

ლევან ყენია:
„კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში ძალიან დაგვეტყო დაღლა. ბარსელონამ კლასის ხარჯზე ბურთი კარგად გაათამაშა, კარგი კონტრშეტევები ჰქონდათ. სამწუხაროდ, დავმარცხდით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მაყურებელმა ისიამოვნა“.

ზურაბ ხიზანიშვილი:
„ძალიან კარგი მატჩი იყო. ქომაგებს მადლობა. ვეტერანების მატჩზე რომ 40-50 ათასი ქომაგი მოდის, ცხადია, ამაში რონალდინიომ დიდი როლი ითამაშა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვნახეთ, თუ როგორ უყვართ საქართველოში ფეხბურთი.
კიდევ ერთხელ ვისიამოვნე მეგობრებთან ერთად. სამწუხაროდ, წავაგეთ, მაგრამ ძველი დრო გავიხსენეთ. მოედანზე თამაშის სურვილი სულ მაქვს, მაგრამ დგება ეტაპი, როდესაც რაღაცები სრულდება.
რონალდიონიოსთან თამაში ურთულესია. ასაკშია, მაგრამ სქილები ისევ შენარჩუნებული აქვს. მითამაშია ადრეც რონალდინიოს წინააღმდეგ. ის პარი სენ ჟერმენში იყო და მე რეინჯერსში ვთამაშობდი. ოთხთა ტურნირზე ვითამაშეთ და მწვრთნელმა მითხრა, რომ ის კიკინიანი ბიჭი გააჩერეო. მაშინ არ იცოდნენ, რონალდინიო ვინ იყო.”

შოთა არველაძე:
„ეს ატმოსფერო ქომაგმა შექმნა. ასეთ მატჩზე ამდენი ხალხი მოვიდა. ჩვენც საოცარი ემოციები გვაჩუქეს და არაჩვეულებრივი საღამო გამოვიდა. რონალდინიო ამ მატჩის გვირგვინი იყო. რონალდინიო იშვიათად თამაშობს ამდენს, ყველას მადლობას უხდიდა და თავისი ბრწყინვალე თამაში კიდევ ერთხელ გვაჩვენა“.

ლეგენდების სერიის შემდეგი სტუმარი მადრიდის რეალი

ფილიპ კოკუ:
„ასეთ მოედანზე და სტადიონზე თამაში დიდებულია. შესანიშნავი ფანები არიან და შესანიშნავი ატმოსფეროა. გუნდები ცდილობდნენ, რომ კარგი ფეხბურთი ეთამაშათ, მათ ხალხს ლამაზი ფეხბურთი აჩვენეს. ძალიან ვისიამოვნეთ და რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ, რომ თამაში მოვიგეთ“.

იარი ლიტმანენი:
„თამაში სასიამოვნო იყო, მატჩით ყველამ ისიამოვნა. ხალხისთვის ეს რაღაც პოზიტიური იყო. ქართველი ქომაგები ფანტასტიკურები არიან, ორი დღის განმავლობაში ისინი ბედნიერები იყვნენ, და თუ ისინი ბედნიერები არიან, მაშინ ჩვენც ბედნიერები ვართ“.

ge.betsson.sport

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლეგენდების სერიის შემდეგი სტუმარი მადრიდის რეალი იქნება