საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მაროკოსთან მატჩისთვის ემზადება. ვილი სანიოლის გუნდმა, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში ივარჯიშა.
პირველი ვარჯიში ჩვენმა გუნდმა არასრული შემადგენლობით გამართა. საწვრთნელ პროცესში 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გამგზავრებამდე კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს. ჩვენი გუნდი ქალაქ შარჯაში დღეს, 15 ნოემბერს ჩავა.
ვარჯიშის დაწყებამდე ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.
ვილი სანიოლი
“ერთა ლიგის წარმატებით დასრულებით კმაყოფილები ვართ. ბედნიერი ვარ პირველი ადგილით, თუმცა არც ისე კმაყოფილი გიბრალტარში ჩატარებული მატჩით. არ გვითამაშია კარგად, თუმცა არ ყოფილა იოლი ფეხბურთელებისთვის, განსხვავებულ სტადიონზე, ხელოვნურ საფარზე თამაში. მეორე ნახევარი, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტაიმი იყო ჩვენი შესრულებით. მაგრამ, საერთო ჯაში, ივნისის ოთხი მატჩის და სექტემბრის თამაშებიდან გამომდინარე, კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელებმა და გუნდმა დიდი პროგრესი განიცადა. ჩვენი მიზანია, რომ ეს წინსვლა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაგრძელდეს.
კვარაცხელიას ზურგის ტრავმა აქვს. იმედი მაქვს, რომ კარგად დაისვენებს და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სეზონის განახლებას კარგ ფორმაში შეხვდება.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი რთული იქნება, თუმცა გამოკვეთილი ფავორიტი მხოლოდ ესპანეთია და დანარჩენი გუნდებისთვის ყველაფერი შესაძლებელია. წარმატებული სერიის მიუხედავად, არ უნდა გვეგონოს, რომ უფრო წინ ვართ, ვიდრე სინამდვილეშია. უნდა გავაგრძელოთ საკუთარ თავზე მუშაობა, წინსვლა და იმედია, რომ ჩვენ მეტოქეებთან, რომლებიც ძლიერი გუნდები არიან, შევძლებთ წარმატების მიღწევას.
ახლა ნოემბერია და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ამიტომ, მოსაფიქრებლად დრო გვაქვს. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ორივე ნაკრებში შეუძლიათ თამაში და იმედი მაქვს, რომ ყველა ჯანმრთელად იქნება. საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ. ვიცი, რომ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ქვეყნისთვის და ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიც მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუმცა ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია.
მსოფლიო ჩემპიონატიდან გამომდინარე უჩვეულო სიტუაციაში ვართ. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიმეღო – ან იგივე გუნდით გვეთამაშა, ან შანსი მიგვეცა რამდენიმე ახალი ფეხბურთელისთვის. ერთა ლიგის დასრულების შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ნოემბერში რამდენიმე ახალი მოთამაშე გამომეცადა. მომავალში ყოველთვის დაგვჭირდება ახალი ფეხბურთელების ინტეგრირება, თუმცა ისეთი ფეხბურთელები უნდა იყვნენ, რომლებსაც შესაბამისი დონე აქვთ და შეუძლიათ ნაკრებისთვის კარგი სიახლის მიცემა. გოჩოლეიშვილის და საზონოვის სახით ორი დებიუტანტი გვყავს. ნაკრებში ლევან შენგელია დაბრუნდა. ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში, ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ, მას კარგი თამაშები ჰქონდა და ეს დაიმსახურა. დაბრუნდა გიორგი ბერიძე, რომელიც თურქეთში კარგად ასპარეზობს. როგორც ვთქვი, მსურს ახალი მოთამაშეების ხილვა. ხუთშაბათს გვაქვს თამაში და მანამდე მხოლოდ ორი ვარჯიში. ბუნებრივია, რომ ისინი იმისთვის გამოვიძახე, რომ ვნახო, თუ რა შეუძლიათ მოედანზე. მაროკო ძალიან კარგი გუნდია და ფეხბურთელებისთვის შანსია, რომ საკუთარი თავი გამოსცადონ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდთან. საქართველოსთვის სწორედ ეს გვსურს და თუ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გსურს, უნდა აჩვენო, რომ ტურნირის მონაწილესთან თანაბარ დონზე ასპარეზობა შეგიძლია.
გიორგი ჩაკვეტაძეს რამდენიმე დღე დასვენება სჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთან ერთად იქნება. არ ვიცი, ითამაშებს თუ არა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებთან ერთად იყოს და თავი გუნდის ნაწილად იგრძნოს. მოახლოებული მატჩი არა მხოლოდ წარმატებული სერიის გასაგრძელებლად, არამედ ახალი ფეხბურთელების ინტეგრირებისთვის უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად ლოჩოშვილს, რომელსაც აქამდე ბევრი არ უთამაშია, მაროკოსთან ამის შესაძლებელობა და საკუთარი პროგრესის ჩვენების საშუალება ექნება. როდესაც შემადგენლობაში რამდენიმე ფეხბურთელს ცვლი, გარკვეულ ხარისხს და გუნდურობას კარგავ, რაც ბუნებრივია და ამისთვის მზად ვართ, რადგან ვიცით, რომ მაროკოსთან შეხვედრა არ არის მთავარი და მას თამაშებისთვის მოსამზადებლად ვუყურებთ.
ირაკლი აზაროვმა რამდენიმე მატჩი ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში და კმაყოფილი ვარ. მინდა, რომ ახალ გუნდში უფრო თავდაჯერებული გახდეს, რთული პერიოდი ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ კლუბში თავს გამოიჩენს და უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება. ვფიქრობ, 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ორ შეხვედრას ჩაატარებს, რაც რიტმში ყოფნის საშუალებას მისცემს.
რაც შეეხება გიორბელიძეს, ყოველთვის გვიწევს გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას. ჩემთვის რთული იყო, მისი არგამოძახება, რადგან ძალიან კარგი ადამიანი და ნამდვილი მებრძოლია. თუმცა, გარკვეულ მომენტებში ცივსისხლიანი გადაწყვეტილებები უნდა მივიღო და ეს სწორედ ასეთი შემთხვევა იყო. მის ფლანგზე კონკურენცია დიდია და იმედი მაქვს, რომ ეს კონკურენცია ბიძგს მისცემს, რომ კიდევ უფრო მაღალი დონეზე ავიდეს.
ვაკო ყაზაიშვილთან დაკავშირებით მომხდარის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე გუნდისთვის მისი გამოძახება მიზანშეწონილი არ იქნებოდა.
მას შემდეგ, რაც ლაზარე კუპატაძე უკლუბოდ დარჩა ნაკრებში მესამე მეკარედ ლევან შოვნაძე გამოვიძახეთ. მინდოდა შანსი კერესელიძისთვის მიმეცა, მაგრამ ტრავმა მიიღო. გასულ წელს გუგეშაშვილიც გვყავდა გუნდში. მესამე მეკარეს განსხვავებული როლი აქვს და ყოველთვის მზად უნდა იყოს. არ გვყავს ისეთი მესამე მეკარე, რომელიც სხვებს ბევრად აღემატება და სწორედ ეს იყო როტაციის მიზეზი. ამ მომენტისთვის, მხოლოდ ერთი თამაშიდან გამომდინარე, არ ჩავთვალე საჭიროდ მესამე მეკარის გამოძახება”.
ლუკა ლოჩოშვილი:
“ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. მაროკო ძალიერი ნაკრებია, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს და საინტერესო სპარინგი იქნება. შემდეგ ციკლში ძლიერი მეტოქეები გვყავს და საინტერსოა, როგორ დონეზე ვართ. კარგი სერია გვაქვს, გუნდში პოზიტიური განწყობაა და ვიმეოდნებ, ასე გაგრძელდება. თითოეული ფეხბურთელი დღითიდღე ვითარდება და გუნდში ჯანსაღი კონკურენციაა”.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ჯემალ ტაბიძე (“დინამო”, თბილისი), საბა საზონოვი (“დინამო”, მოსკოვი, რუსეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), გიორგი გოჩოლეიშვილი („საბურთალო“, თბილისი, საქართველო), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი)
მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი შარჯას სტადიონზე 17 ნოემბერს, 20 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings