in

არა მგონია თვითკმაყოფილებას მივეცეთ, დღეს მეტის მიღწევის სურვილია…

საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს, ევრო 2024-ის მონაწილე გიორგი გველესიანს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებმა თბილი დახვედრა მოუწყვეს, “ჯვაროსნებს” და პირადად მას მადლობა გადაუხადეს და კითხვებიც დაუსვეს…

ამის შემდეგ 33 წლის მცველი “ლელოს” გაესაუბრა – შეხვედრაზე, კარიერაზე, თვითკმაყოფილების შესაძლო საფრთხეზე და ასე შემდეგ…

რას ნიშნავს თქვენთვის ასეთი შეხვედრა?

სტუდენტებისგან დიდი სითბო და სიყვარული ვიგრძენი. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის სასიამოვნო და ძალიან დიდი პატივია. მათი კითხვა იყო, რას ვურჩევდი. ჩემი ერთადერთი ბანალური პასუხია – ბოლომე იბრძოლონ და არასოდეს დანებდნენ.

ნებისმიერ პროფესიაში, მხოლოდ ფეხბურთი ხომ არ არის, ბევრი სხვა საინტერესო სფეროცაა. მაგრამ ამ ყველაფერს საერთო ის არის, რომ ბრძოლის გარეშე არსად არაფერი გამოდის.

სტუდენტებს უთხარით, ცხოვრებაში ცხვირი არასოდეს არ უნდა ჩამოუშვათო. კარიერიდან გაიხსენე თამაში, რომლის შემდეგაც “ცხვირის ჩამოშვების” საფრთხე გქონდათ…

ასეთი მომენტები ძალიან ბევრია, რადგან ბევრჯერ ხარ ფეხბურთში გულდაწყვეტილი, ისევე, როგორც ცხოვრებაში, და ბევრჯერ გაქვს შანსი, რომ ცხვირი ჩამოუშვა.

უარესიც – ფიქრობ, თავი დაანებო და შენს თავს ეკითხები – ხომ არ მეყოფა? ხომ არ ჯობია გავჩერდე? რადგან ხან ერთს არ მოვწონვარ, ხან მეორეს… ხშირად ხდება ეს, თქვენ ეს კარგად იცით.

შესაბამისად, როდესაც დიდი სურვილი და თვითრწმენა გაგაჩნია, რომ შენ შეგიძლია, მერე ცხვირის ჩამოშვების უფლება არ გაქვს. ამიტომ, ბოლომდე იბრძვი. თვითრწმენა და დიდი სურვილი – ეს არის ჩემი მარტივი ფორმულა.

გულშემატკივრებს ირანში დასარჩენად არ ემეტებით. იმედოვნებენ, რომ ევროპულ კლუბში გადახვალთ…

ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება მომავალი. რაღაც შემოთავაზებები არის და, რა თქმა უნდა, განვიხილავთ. მეც მინდა, რომ ევროპული კლუბებიდან იყოს შემოთავაზება. მაგრამ არ არის და რომელიმე კლუბში ძალით ხომ არ მივალ?!

ჯერჯერობით, აზიელები აქტიურობენ და რა შემოთავაზებებიც მექნება, იქიდან გამომდინარე გადავწყვეტ ჩემს მომავალ. ალბათ, ასაკი და ფინანსური მხარე მოქმედებს, ინტერესი ისევ აზიიდან რომ მოდის.

13 მაისი იყო საბჭოთა პერიოდის ქართული ფეხბურთის პიკი, რომლის შემდეგაც ისეთ თვითკმაყოფილებას მივეცით, რომ სერიოზული დაღმასვლა მივიღეთ. 26 მარტი და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა კი დამოუკიდებლობის პერიოდის მწვერვალი იყო.
სამხრეთელები ვართ, ეიფორიაში ჩავარდნა ვიცით და… არის შიში, თვითკმაყოფილებას არ მივეცეთ და ისევ უკუსვლა არ მივიღოთ…

მე არ ვიცი, რა იქნება მომავალში. მაგრამ იმას კი ვხედავ, რომ დღეს ქართველ ფეხბურთელებში არსებობს მეტის მიღწევის სურვილი და შიმშილი. ეს არის ყველაზე მთავარი. მე ამას ბიჭებში ვგრძნობ, რომ სულ მეტი და მეტი უნდათ. რა და როგორ გამოვა, ამას უკვე მომავალი გვაჩვენებს.

ნაკრებში დიდი ხნის განმავლობაში არ გიწვევდნენ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის განაცხადშიც მოხვდით და ითამაშეთ კიდეც. ეს რა განცდა იყო?

რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის უბედნიერესი მომენტი იყო, რადგან ნაკრებში მოვხვდი. მაგრამ მერე არის თვითკმაყოფილების ცდუნებაც, რომელიც ძალიან საშიშია. თუ ჩათვალე, რომ რაც გინდოდა, იმას უკვე მიაღწიე, თითქოს კმაყოფილდები.

ამ დროს შენს თავს უნდა შემოუძახო, რომ კიდევ მეტი შეგიძლია. შესაბამისად, ფეხბურთი მუდმივი ბრძოლაა საკუთარ თავთან, თუნდაც დისციპლინის ასპექტში, რაც ჩვენი ცხოვრების უმთავრესი კომპონენტია.

ბევრს წარმოუდგენია, რომ ჩვენი ცხოვრება არის ძალიან მარტივი და ია-ვარდებით მოფენილი. მაგრამ არის ყოველდღიური შრომა, ბრძოლა… რაც მთავარია, ეს სხვებისგან განსხვავებული ყოფაა.

მაგალითად, აიღეთ გურამ კაშიას ამბავი. ევროპის ჩემპიონატზე ყველა თამაში 90 წუთი ითამაშა და რამდენიმე დღეში უკვე მიდის და თავის კლუბს ევროთასებზე ეხმარება. შუალედში არანაირი დასვენება არ ჰქონია!

ამხელა ზღვა ემოცია მიიღო, ეს გადალახა და ახლა სულ სხვა ასპარეზზე, სულ სხვა გარემოშია. ხომ ხვდებით, ეს რამხელა ემოციური დისბალანსია, რაც ძალიან რთული საკონტროლებელია?!

ოლიმპიადა მოგვიხლოდა და რას უსურვებდით პარიზში ჩვენს სპორტსმენებს?

რა თქმა უნდა, ჩვენებს ოლიმპიადაზე წარმატებებს ვუსურვებ. მე მგონია, რომ ქართველები იმ ტალღაზე გადავედით, როცა ყველაფერში წარმატებას ველით და უნდა მივაღწიოთ კიდეც.

ჩვენი მოსახლეობა 3,5 მილიონია, მაგრამ ნიჭიერები ვართ. ამას ცოტა სიამაყით ვამბობ, მაგრამ რაც არის, ეგ არის. მე მგონი, მართლა კარგები ვართ რაღაცებში. მჯერა ჩვენების და წარმატებებს ვუსურვებ!

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა

კვარა ნაპოლიში 7-იანი გახდება: რა ხდება კონტრაქტზე და სხვებზე – ხვიჩას და ნაპოლის ამბები