საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 19 ნოემბერს, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის საპასუხო მატჩს, ხორვატიის წინააღმდეგ რიეკაში გამართავს. პირველი შეხვედრა, მიხეილ მესხზე ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 1:0.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა რიეკაში, სტადიონ რუევიცაზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ხოლო მანამდე, მედიის წარმომადგენელთა კითხვებს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ და ფეხბურთელმა, ოთო მამაგეიშვილმა უპასუხეს.
რამაზ სვანაძე:
„პირველ თამაშზე დიდი ენერგია დავხარჯეთ და ჩვენთვის მთავარი ძალების აღდგენა იყო. თამაშამდე ერთი დღე გვაქვს, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაკრები მოედანზე მობილიზებული და ძალებაღდგენილი გავა.
რთულ თამაშს ველოდებით. სხვანაირად არც შეიძლება იყოს, რადგან ძლიერ და ინდივიდუალურად ძალიან კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს ვეთამაშებით.
ხორვატიის ნაკრებს და მთლიანად ხორვატ ერს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი გეგმები და მიზნები გვაქვს. ბევრი ვიშრომეთ, რომ აქ ვყოფილიყავით, ბევრი რამ ჩვენთვის პირველად მოხდა და არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთად გავიხაროთ“.
ოთო მამაგეიშვილი:
„გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. გვიხარია, რომ ამ დონის მატჩს ვთამაშობთ და იმედი მაქვს, კიდევ ბევრ ასეთ შეხვედრას ჩავატარებთ. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი გვაქვს. ხვალინდელ შეხვედრაში ეს გამოცდილება და ფსიქოლოგიური მზადყოფნა ძალიან დიდ როლს ითამაშებს.
მოსაგებად ძალები არასდროს დაგვიზოგავს და მცდელობას არც ახლა დავაკლებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საწადელს მივაღწიოთ და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ“.
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), დაჩი ლორდქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის საპასუხო მატჩში ხორვატიის 21-წლამდელთა გუნდს 19 ნოემბერს ქალაქ რიეკაში დაუპირისპირდება. 22:00 საათიდან მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
GIPHY App Key not set. Please check settings