პსჟ-ის მწვრთნელმა მედიასთან და PSG TV-სთან ისაუბრა: ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 10 დღე დარჩა.
მზადება
„ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე „რეიმსთან“ საფრანგეთის თასის ფინალი გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენს გარშემო არსებულ ზეწოლას უნდა გავუმკლავდეთ და ვეცადოთ ისიამოვნოთ. ენთუზიაზმს ვგრძნობთ და ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი გავაკონტროლოთ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც შეძლო აღმავლობისა და დაღმასვლის, ასევე ზეწოლის ატანა.“
ჩემპიონთა ლიგის ფინალი
„მე ორ თამაშზე ვარ კონცენტრირებული, პირველ რიგში „რეიმსთან“თასის ფინალზე. აქამდე ჩვენი ფეხბურთის წყალობით მოვედით. ჩემპიონთა ლიგის ფინალი განსხვავებული თამაშია. იშვიათად ხდება, რომ მოთამაშეს ან მწვრთნელს ასეთი თამაში ჰქონდეს. ჩვენ ვეცდებით, საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ და კლუბის ისტორია პირველი ჩემპიონთა ლიგის მოგებით დავწეროთ. მაგრამ „ინტერი“ სრულყოფილი გუნდია მაღალი ხარისხის მოთამაშეებით და ძალიან კარგი მწვრთნელით.
ჩვენ ვიცნობთ მარკუს ტურამს და ლაუტარო მარტინესს, რომლებსაც ერთად თამაში შეუძლიათ და მათ სხვადასხვა ვარიანტი აქვთ, დაწყებული დაცვით და იან ზომერით. ეს გუნდი ძალიან ჰგავს ჩვენსას. მათ შეუძლიათ დაცვა და შეტევა. რთული მეტოქეა, რომელმაც გამოთიშა „ბაიერნი“ და „ბარსელონა“. თუმცა, ჩვენ ასევე ძალიან კარგი გუნდი ვართ და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ჩვენ ვიქნებით მზად, „ინტერიც“ და უბრალოდ უნდა დავტკბეთ ამ ფინალით.
მიზანი მიღწეულია, რადგან ეს სეზონის დასაწყისიდან ოცნება იყო. ჩვენ უნდა ვიყოთ ამბიციურები, შევხვდეთ ამ ათ დღეს ორი ფინალით და დავტკბეთ ამით“.

პროგრესი ევროპაში
„აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რაც ვნახე. ჩვენ გავაუმჯობესეთ თამაში. ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე მაღალი ხარისხის თამაში ვითამაშეთ. გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ გავაანალიზეთ და ვთქვით, რომ მეტი თავდაჯერებულობა გვჭირდებოდა. ეს ფეხბურთელების შრომისა და ძალისხმევის წყალობით შევძელით. ჩემმა ფეხბურთელებმა შეძლეს საჯარიმოში უკეთ პოზიციონირება. ცვლილება იანვარში მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ისევე თამაშობდნენ, როგორც სეზონის დასაწყისიდან. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებსაც ყოველთვის სჯეროდათ ჩვენი და მხარს გვიჭერდნენ.“
შეტევა და დაცვა ერთად
„თუ სიღრმისეულად გავაანალიზებთ, ეს არის ჩვენი მოთამაშეების დაცვის წესი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან თავდამსხმაში, ყველა იცავს და იბრუნებს ბურთს. ეს არის კონცეფცია. ჩვენს ყველა თავდამსხმელს აქვს გუნდურად დაცვის მენტალიტეტი. ამ სეზონში უკეთესები ვიყავით და ფეხბურთელებიც კმაყოფილები არიან.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ სეზონში უკეთესი გუნდი ვართ. 18 სხვადასხვა მოთამაშემ გაიტანა და ასევე მეტი გოლი გავიტანეთ, ვიდრე გასულ სეზონში. როგორც მწვრთნელი, ამით ძალიან კმაყოფილი ვარ.“

საინტერესოა ერთი დეტალი: პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სიახლე დანერგა. ახლა ის თავის თანაშემწესთან, ხოაკინ ვალდესთან ერთად გუნდის ვარჯიშებს სპეციალური კოშკურიდან, და 5-6 მეტრის სიმაღლიდან ხელმძღვანელობს.

GIPHY App Key not set. Please check settings