ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Bild-მა ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ალექსანდრე იაშვილის ინტერვიუ გამოაქვეყნა. გამოცემასთან იაშვილი ვილი სანიოლისა და საქართველოს ნაკრების შესახებ საუბრობს.
“ვილის მწვრთნელის რანგშიც ისეთივე მენტალიტეტი აქვს, როგორიც ფეხბურთელობის დროს ჰქონდა. მას ყველა თამაშის მოგება სურს და არცერთი მეტოქის არ ეშინია. მისი თავდაჯერება და სიმშვიდე წარუმატებლობების შემდეგ გუნდს აძლიერებს და თვითრწმენას აძლევს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ძალიან გადამწყვეტი ფაქტორია ის, რომ მათ თამაშები თავდაჯერებით მოიგონ. უნდა სჯეროდეთ, რომ ნებისმიერი დიდი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. სწორედ ასეთი მიდგომით უნდა გავიდნენ ყველა თამაშზე”, – აღნიშნა ალექსანდრე იაშვილმა.
ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ნაკრების ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.
“კვარაცხელია სუპერ-დრიბლიორია, ერთი ერთზე მეტოქეს ძალიან ადვილად უსწორდება, ყოველთვის ცდილობს, სწრაფად ითამაშოს, რადგან ძალიან სწრაფიცაა. გარდა ამისა, მეტოქის კართან ცივსისხლიანია და ისეთ დიდ მეტოქეებსაც უტანს გოლებს, როგორიც ესპანეთის ნაკრებია. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში, რომელიც 1:2 წავაგეთ, სწორედ ეს გააკეთა. ამასთან, ხვიჩა გუნდისთვის ძალიან მაგრად მუშაობს და თანაგუნდელებს დაცვაშიც ბეჯითაც ეხმარება”, – თქვა იაშვილმა.
GIPHY App Key not set. Please check settings