საქართველოს ფუტსალის ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, დღეს საღამოს გამართავს.
აზერბაიჯანთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოგებული მატჩების მსგავსად, ევრო 2022-ის ერთ-ერთ ფავორიტთან გასამართ შეხვედრასაც გრონინგენის მარტინი პლაზა უმასპინძლებს. წინა მატჩებისგან განსხვავებით, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, საქართველო-ესპანეთის მატჩს ათასამდე გულშემატკივარი დაესწრება. თამაშამდე ერთი დღით ადრე გუნდებმა ბოლო ვარჯიში გამართეს. პრესკონფერენცია კვლავ ონლაინ რეჟიმში შედგა.
ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
“განწყობა, როგორც ყოველთვის, საბრძოლო გვაქვს. პირველი ადგილის ბედი წყდება. საქმე ძალიან რთულ მეტოქესთან გვაქვს. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანიც და ბოსნია-ჰერცეგოვინაც ძლიერი გუნდები არიან, თუმცა ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ფავორიტია.
დასაკარგი არაფერი გვაქვს და უნდა ვეცადოთ, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ, რადგან მეორე პოზიცია უკვე დაბევებული გვაქვს. ეს ფსიქოლოგიურად გვეხმარება და კარგ ხასიათზე ყოფნის საშუალებას გვაძლევს. ზედმეტი წნეხის გარეშე კი, დიდი ალბათობაა, რომ უკეთ ვითამაშოთ. ელისანდროს თაობაზე ექიმების დასკვნას ველით. ამის შემდეგ გვეცოდინება რისი იმედი შეიძლება გვქონდეს.
ნაწილობრივ მაინც მეოთხედფინალისკენ ვიყურებით. რამდენიმე მოთამაშეს მიკროტრავმა აქვს, რამდენიმეს – ბარათი. ასე რომ, ბალანსი უნდა დავიჭიროთ, რომ ამ თამაშმა კარგ შედეგამდე მიგვიყვანოს. ვეცდებით, მოვიპოვოთ ის ქულა, რომელიც პირველ ადგილზე გასვლის საშუალებას მოგვცემს, თუმცა როდესაც უკვე გასული ხარ, არ შეიძლება მთელი ენერგია და ძალა აქ ჩავტოვოთ. სიფრთხილე გვმართებს, თუმცა როდესაც ესპანეთს დონის მოწინააღმდეგე გყავს, ძალების დაზოგვით თამაში ძალიან ძნელია. ასე რომ, ბალანსი უნდა ვიპოვოთ. მეტოქეს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენი უნდა ვეცადოთ.
ვიცით, რომ პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში С ჯგუფის მეორეადგილოსანს შევხვდებით, ხოლო მარცხის შემთხვევაში რუსეთთან მოგვიწევს თამაში. ესპანეთის მსგავსად, რუსეთიც ძალიან ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ასარჩევად საქმე არ გაქვს. პირიქით, აქ ყოფნა დიდი ბედნიერება და ძლიერ მეტოქეს უბრალოდ ვერ ავცდებით”.
თალეს ფეიტოსა:
“გუნდში საუკეთესო ატმოსფეროა. თითქმის 5 წელია ნაკრების წევრი ვარ და ამის ნაკლებობა არასდროს ყოფილა. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ვართ და როდესაც გუნდს 6 ქულა აქვს. ამის სიტყვებით გადმოცემა საკმაოდ ძნელია.
ესპანეთის წინააღმდეგ რთულ და გამორჩეულ თამაშს ველით. საუკეთესო თვისებები უნდა ვაჩვენოთ, რადგან პლეი ოფში უკვე გასულები ვართ და ეს თამაში საშუალებას გვაძლევს მეოთხედფინალამდე საკმაოდ ძლიერ გუნდთან წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები. ეს დიდი მოტივაციაა თითოეული ფეხბურთელისთვის.
ესპანეთის ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესოა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამორჩეული გუნდია შემადგენლობის მხრივ. ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება. ქულის აღების შემთხვევაში პირველ ადგილს დავიკავებთ. გვინდა, რომ ეს მატჩი ჩვენი ისტორიის და მომავლის თამაში იყოს. ამიტომ, არ ვუშინდებით და მზად ვართ ამ გამოწვევისთვის, რასაც ესპანეთთან, ასეთ დიდ გუნდთან თამაში ჰქვია“.
შოთა თოფურია:
“ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უდიდესი წარმატება იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ბიჭებს წარმოდგენა გვქონდა, რომ შეგვეძლო ამ ორი თამაშის მოგება, თუმცა ზოგს ეს შეუძლებლადაც მიაჩნდა. ყველაფერი ჩავდეთ, მწვრთნელების დავალებები გავითავისეთ და გავახარეთ ჩვენი ქვეყანა, ოჯახები. ბიჭების სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს. მათ მხარდაჭერას ვგრძნობთ და ეს ძალიან გვახარებს”.
საქართველოს და ესპანეთის მატჩი, რომელიც D ჯგუფის გამარჯვებულს გამოავლენს, თბილისის დროით 20:30 საათზე შედგება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
GIPHY App Key not set. Please check settings