საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე დეკემბერში 4 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩვენი გუნდი სერბეთისა და ყირგიზეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
სერბეთთან საქართველოს ნაკრები მატჩებს 16 და 18 დეკემბერს ჩაატარებს, ყირგიზეთთან კი 21-22 დეკემბერს ვითამაშებთ.
მატჩებს დარბაზის ტევადობის მიხედვით გულშემატკივართა 33% დაესწრება.
მატჩების წინ, Sport4me.ge საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ავთანდილ ასათიანს ესაუბრა.
“ჩვენთვის მთავარი საფიქრალი მოახლოებული ევროპის ჩემპიონატი და მასზე წარმატებული გამოსვლაა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ტურნირს კარგ ფორმაში შევხვდეთ. სწორედ ამიტომ სპარინგ პარტნიორთან ფუტსალის გრანდი სერბეთის ნაკრები ავირჩიეთ, რომელთანაც კარგად შეგვეძლება ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეების გაანალიზება. იგივეს ვიტყვი ყირგიზეთზეც.
სამწუხაროდ, მოახლოებულ მატჩებში რამდენიმე ლიდერი არ გვეყოლება: სიმი საიოტი, ბინიო, შაგინია, ჯვარაშვილი. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ სპარინგ მატჩებში ოპტიმალური შემადგენლობის გამოცდის საშუალება არ გვექნება, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით ეს მატჩები 100%-ით გამოვიყენოთ. მომავალ მატჩებში, არსებული რესურსიდან გამომდინარე, ორი 5-ეულით ვითამაშებთ ხოლმე.
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს. რომ ვთქვა ჩემპიონობაა ჩვენი მიზანი-მეთქი, არასერიოზული იქნება, მაგრამ პროგრამა მინიმუმი ჯგუფიდან გასვლა იქნება. ამ ჯგუფიდან თუ ვერ გავედით ჩავთვლით, რომ ეს ტურნირი ჩვენთვის წარუმატებელი იყო”, – თქვა ავთანდილ ასათიანმა.
საქართველოს ნაკრები
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი).
წინა ხაზი: ჯანიკო გიორგაია, შოთა თოფურია, ირაკლი თოდუა, ნუკრი ჭუმბურიძე (ყველა – თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ბრუნო პეტრო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ნიკოლოზ კურტანიძე, გიორგი ზუნტუროვი (ორივე – პსპ), გიორგი ქურდაძე (დინამო, გროდნო, ბელარუსი).
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდი ევრო 2022-ზე D ჯგუფში ითამაშებს და ესპანეთს, აზერბაიჯანსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. მეოთხედფინალის საგზურს ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები მიიღებს. ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ნიდერლანდების ქალაქებში ამსტერდამსა და გრონინგენში 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings