საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა. “ჯვაროსნებმა” აზერბაიჯანისა და ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრებები დაამარცხეხ და ევროპის რვა საუკეთესო გუნდში გავიდნენ, სადაც უძლიერეს რუსეთის ნაკრებთან ბოლო წამებზე დამარცხდნენ.
დღეს, “ავტორადიოს” ეთერს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი სტუმრობდა.
“პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, სპორტულ ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს იმ დიდი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც მთელი ტურნირის განმავლობაში ვგრძნობდით. ეს ყველას წარმატებაა.
მადა ჭამაში მოდისო ნათქვამია და ალბათ შეგვეძლო უკეთესი შედეგის დაფიქსირება, რუსეთთან ბოლო წამზე მეტად რომ გაგვმართლებოდა. არ ვამბობ, ის გოლი რომ გასულიყო, აუცილებლად მოვიგებდით, მაგრამ შანსი აუცილებლად გვექნებოდა.
თალესის და ელისანდრუს ტრავმებმა ხელი შეგვიშალეს შემადგენლობის როტაციის მხრივ, მაგრამ ამ შედეგით კმაყოფილები და ემოციურად დაცლილები ვართ.
ერთია, რომ რთულია ასეთი წარმატების მიღწევა და მეორე უფრო რთულია ამ თამასის შენარჩუნება, მაგრამ ჩვენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და ვიბრძოლებთ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად”, – თქვა ავთანდილ ასათიანმა.
GIPHY App Key not set. Please check settings