გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“ ლა ლიგა 2-ში სტუმრად „კარტახენა“ 3:2 დაამარცხა და ლა ლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ზონაშია, მე-6 ადგილზე.
ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, 72 წუთი ითამაშა და საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო – sofascore – 7.0, flashscore – 6.8.
„გრანადამ“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და 26 აპრილს ლიდერ „ელჩეს“ უმასპინძლებს.

ოდესის „ჩორნომორეცში“ ლუკა ლაცაბიძემ გიორგი კუციას „ვერესთან“ მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა, მაგრამ მისმა გუნდმა მაინც წააგო – 1:2. ლაცაბიძემ ბურთი საკუთარ ნახევარზე მოიპოვა და შორეული გადაცემით თანაგუნდელი მეტოქის საჯარიმოსთან დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა.
ლუკამ შეუცვლელად ითამაშა, მისი თანაგუნდელი გიორგი რობაქიძე სათადარიგოებში დარჩა. კუცია კი ტრავმის გამო განაცხადში არ იყო.
ნაკრებში გამოძახებული ქართველი მცველისთვის ეს პირველი საგოლე მოქმედებაა.
ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ირაკლი ეგოიანმა დუბლი შეასრულა და არნემის „ვიტესის“ გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა „როდასთან“ – 3:0.
ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა, ხოლო 59-ზე სხვაობა ორამდე გაზარდა. 8.8 შეფასებით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ამ მოგებამ „ვიტესს“ მაინც ვერ უშველა და სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მესამე ლიგაში დაქვეითდა, რადგან ფეხბურთის ფედერაციამ 30 ქულა დააკლო და სეზონს ბოლო ადგილზე დაასრულებს.
ეგოიანის ანგარიშზე 8 გოლი და 5 საგოლე პასია.
უნგრეთის ჩემპიონატში ქართველი მცველების დაპირისპირება გაიმართა – ალექსანდრე კალანდაძის „ფეჰერვარმა“ ილია ბერიაშვილის მტკ მიიღო. მატჩი 1:1 დასრულდა. ბერიაშვილმა გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო – 7.2.
სლოვაკეთის საჩემპიონო ჯგუფში გურამ კაშიას „სლოვანი“ „ტრნავას“ ესტუმრა და 3:2 დაამარცხა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 7.2 მიიღო.
GIPHY App Key not set. Please check settings