in

წარმატებული ფიზ.მომზადების მწვრთნელი – შალვა ღონღაძის პირველი ნაბიჯები აშშ-ში

წლების განმავლობაში ქართულ კლუბებში ფიზ.მომზადების მწვრთნელები არ მუშაობდნენ. როგორც წესი, მთავარი მწვრთნელების უმეტესობა თავად ადგენდა სავარჯიშო პროგრამას. თუმცა მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა და დღეს კლუბს ფიზ.მომზადების მწვრთნელის გარეშე ვერ წარმოიდგენ.
ფიზ.მომზადების მწვრთნელების მნიშვნელობა ძალიან დიდია – მათ დიდი გავლენა აქვთ როგორც პროფესიონალ, ისე დამწყებ ფეხბურთელებზეც.
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ფიზ.მომზადების მწვრთნელი შალვა ღონღაძეა. წლების განმავლობაში ქართულ კლუბებში მუშაობდა, დღეს კი აშშ-შია და კარიერის განვითარებას იქ ცდილობს.
მას სწორედ აშშ-ში დავუკავშირდით და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ვესაუბრეთ.

წარსულით დავიწყოთ… რას და სად საქმიანობდით დღევანდელ დღემდე?

ფეხბურთის თამაში დავიწყე წყალტუბო სამგურალის ბავშვთა სკოლაში. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო ტრისტან ჯავახაძე, ეტაპობრივად სხვადასხვა ასაკში სხვა მწვრთნელებთანაც მომიწია მუშაობა. პირველად უმაღლეს ლიგაში თამაშის შანსი მომეცა 18 წლის ასაკში წყალტუბოს „სამგურალის“ შემადგენლობაში, რომლის მთავარი მწვრთნელი იყო გივი ბაბუნიძე. სამგურალში გავატარე 3 წელი და გადავედი კოლხეთი 1913-ში, რომელსაც სოსო ფილია წვრთნიდა, სადაც 4 წელი გავატარე.
შემდეგ ჩემით საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ზესტაფონი დაინტერესდა, რომლის პრეზიდენტი იყო ილია კოკაია და მთავარი მწვრთნელი თეიმურაზ მახარაძე. ზესტაფონში გატარებული 4 სეზონი საუკეთესო პერიოდი იყო ჩემ საფეხბურთო კარიერაში. გავხდი საქართველოს თასის მფლობელი. ვიყავი საქართველოს ნაკრების წევრი, რომელსაც გაიოზ დარსაძე წვრთნიდა, მისი დიდი მადლიერი ვარ. ზესტაფონის შემდეგ ვთამაშობდი ცხინვალის სპარტაკში, ქუთაისის ტორპედოსა და ფოთის კოლხეთში, რომელიც ჩემი ბოლო კლუბი იყო. ამის შემდეგ იწყება ჩემი სამწვრთნელო კარიერა.

პროფესია ფიზ.მომზადების მწვრთნელი – რატომ გადაწყვიტე, რომ ამ მიმართულებით უნდა გემუშავა? რით არის გამორჩეული და საინტერესო?

როგორც გითხარით, ჩემი ბოლო კლუბი ფეხბურთელის ამპულაში იყო კოლხეთ. როდესაც ჩემპიონატი დასრულდა, იმ პერიოდში საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის მთავარამა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ შემომთავაზა ფიზ.მომზადების მწვრთნელობა. მასთან საუბრის შემდეგ ბევრი ვიფიქრე, გავითვალისწინე მისი რჩევები, რადგან ის ერთ-ერთი საუკეთესი მწვრთნელი იყო საქართველოში მისი მიღწევებითა და გამოცდილებით და გადავწყვიტე ფიზ.მომზადების მწვრთნელი გამხვდარიყავი. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი სამწვრთნელო კარიერა. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე მიუხედავად ასაკისა. 30 წლის ვიყავი და ეს არ იყო იოლი ნაბიჯი, რადგან ეს არ არის ისეთი ასაკი, ფეხბურთელმა თავი დაანებოს საყვარელ საქმიანობას და გადავიდეს სხვა ეტაპზე.
11-წლიანი გამოცდილება მიმაგრებს ზურგს და ამ ხნის განმავლობაში, ჩემი წვლილი შევიტანე სხვადასხვა კლუბების წინსვლასა და განვითარებაში. მოვიგე არაერთი ტიტული და უამრავი წარმატება ვიზეიმე მათთან ერთად.

რამდენად რთულია ზოგადად იყო ფიზ.მომზადების მწვრთნელი? რა სირთულეები ახლავს მას?

ფიზ მომზადების მწვრთნელობა ზოგადად ძალიან რთულია, რადგან დიდი პასუხისმგებლობა გაქვს როგორც კლუბის, ისე თითოეული ფეხბურთელის წინაშე: უნდა გრძნობდე და იცოდე, თუ რა დატვირთვის ქვეშ ავარჯიშო ფეხბურთელები როგორც გუნდურად, ისე იდივიდუალურად. ფიზ. მოზადების მწვრთნელს ძალიან კარგი განათლება უნდა ჰქონდეს, მუდმივად უნდა მუშაობდეს საკუთარ თავზე, ეძებდეს სიახლეებს და პოულობდეს ახალ ინფორმაციებს, რადგან არასწორმა ვარჯიშებმა შეიძლება ფეხბურთელს ჯანმრთელობა დაუზიანოს. დღევანდელი მოცემულობით, ფიზ. მომზადების მწვრთნელი კარგად უნდა ერკვეოდეს ტექნიკურ-ტაქტიკურ მოქმედებებში, რადგან დატვირთები სპეციფიური კუთხით მოხდეს.

ქართულ კლუბებში მუშაობაზეც ვთქვათ. როგორი პირობებია კლუბებში, მარტივია თუ რთულია ფეხბურთელებთან მუშაობა, რამდენად ახლოს არიან ფეხბურთელები სასურველ კონდიციებთან?

საქართველოში ფიზ.მომზადების მწვრთელად ვიმუშავე ისეთ ტიტულოვან კლუბებში,როგორიცაა : ზესტაფონი, თბილისის ლოკომოტივი, დინამო თბილისი, ტორპედო ქუთაისი… როდესაც პირობებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში გასათვალისწინებელია ინფრასტრუქტურა: თუ კლუბს სურს მიაღწიოს წარმატება, პირველი უნდა დაიწყოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით. მარტივი არ არის ფეხბურთელებთან მუშაობა – ყოველდღიურად გიწევს იმაზე ფიქრი, თუ როგორ გაუძლიერო მათ მაქსიმალურად ფიზიკური კონდიციები. ამისთვის კი საჭიროა შესაბამისი პირობები. ყველა კლუბში მუშაობა კარგად მახსენდება, ზოგადად, ფეხბურთელს არ უყვარს ფიზიკური დატვირთვები, თუმცა კარგად ათვითცნობიერებენ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელ ფეხბურთში იყო ფიზიკურად კარგად მომზადებული, აქედან გამომდინარე სადაც მიმუშავია მქონდა ფეხბურთელებთან ინდივიდუალურად მუშაობის საშუალება როგორც ვარჯიშამდე ისე ვარჯიშის შემდეგაც, რაც ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის.

წლების შემდეგ უცხოეთში გაემგზავრე. რატომ გადაწყვიტე უცხოეთში გამგზავრება და როგორია სამომავლო გეგმები…

ჩემი ოცნება იყო ბავშვობიდან, რომ წავსულიყავი აშშ-ში და გავცნობოდი მათ კულტურას. როგორც კი მომეცა ამის საშუალება, გამოვიყენე ეს შესაძლებლობა. ამჟამად ვიმყოფები აშშ-ში, კერძოდ ნიუ-ორკში. დიდი სურვილი მაქვს ვიცხოვრო ამ ქვეყანაში, გავუზიარო ჩემი გამოცდილება მათ და მცირედი წვლილი შევიტანო ამერიკაში ფეხბურთის კიდევ უფრო განვითარებაში.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0