in

სოსო ტყემალაძე: ივანიშვილი ჩემამდეც იყო და მერეც იქნება – სჯობს ჩემს გეგმას გაეცნონ (ექსკლუზივი)

ქართულ სარაგბო ოჯახში რთული და დაძაბული ვითარება ისევ გრძელდება. უკვე ერთი წელია რაგბის კავშირი თავკაცის გარეშეა დარჩენილი და მაშინ, როდესაც მსოფლიო თასამდე 2,5 წელია დარჩენილი, საქართველოს ნაკრებს დროებითი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ნაკრები რეგრესს განიცდის და ეს შემოდგომის რვა ერზე წაგებულ ხუთივე შეხვედრასა და რუსეთთან არცთუ დამაჯერებლად მოგებულ თამაშშიც გამოჩნდა. ამ ყველაფრის ფონზე გულშემატკივარი რაგბიში ახალი ძალის მოსვლას ითხოვს, მაგრამ ასე არ ფიქრობს რაგბის კავშირის გამგეობა, რომლის წევრები არიან ირაკლი კობახიძის მამა გიორგი კობახიძე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები ერეკლე ტრიპოლსკი და ლევან ვასაძე. მათ, როგორც ჩანს, არ სურთ რაგბიში გავლენების დაკარგვა და მომავალი პრეზიდენტის ხელში, კვლავ სურთ გამგეობაში ყოფნა. ეს ადამიანები 2020 წლის 7 დეკემბრის განცხადებაში რაგბის კავშირის გადადებული არჩევნების დროულად ჩატარებას ითხოვდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც ნახეს არჩევენებს აგებდნენ, ზუსტად ერთ კვირაში მეორე განცხადება შეიტანეს რაგბის კავშირში, რომელშიც 30 დეკემბრის არჩევნების არალეგიტიმურობას ცნობენ. თავდაპირველად გამგეობის ზემოაღნიშნული წევრები ლაშა (ბაჩო) ხურციძეს უჭერდნენ მხარს, ახლა კი, პრეზიდენტობის ახალი კანდიდატის სოსო ტყემალაძის მხარეს არიან, რომელსაც არჩევნებამდე ორი დღით ადრე არანაირი სამოქმედო გეგმა არ წარუდგენია. ის კლუბები კი, რომლებმაც 30 დეკემბრის არჩევნებზე ირაკლი აბუსერიძეს მისცეს ხმა (ქობულეთი და ქედა), ახლა სოსო ტყემალაძის ბანაკში არიან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე საქმეს პოლიტიკური სუნი სდის.

ამ თემასთან დაკავშირებით Sport4me.ge აქამდე ყველასთვის უცნობ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატ სოსო ტყემალაძეს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური კომენტარი ჩაწერა.

“სანამ იმას იტყვით, რომ მე ბიძინა ივანიშვილის კაცი ვარ და ივანიშვილს სურს ქართული რაგბის ხელში ჩაგდება, იმაზე ისაუბრეთ მთელი ამ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა “ქართუმ” რაგბიში რამხელა ინვესიტიციები განახორციელა და რომ არა ეს, ახლა სად იქნებოდა ქართული რაგბი. მე საერთოდ არ ვიყავი რაგბიში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი აქამდეც ზრუნავდა ქართულ რაგბიზე და მომავალშიც იზრუნებს. ჩემი ოპონენტების მხრიდან კეთდება კომენტარები თითქოს მუნიციპალურ კლუბებზე ზეწოლა ხორციელდება და პოლიტიკოსები თუ მაჟორიტარები კლუბებს ჩემს მხარდაჭერას აიძულებენ. ამ საკითხზე მქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან და ისინი უფრო ემოციურ განცხადებებს აკეთებენ, ვიდრე შესაბამისი ფაქტები აქვთ. შევხვდი ილია ზედგინიძეს და გამოვხატე მისდამი დიდი პატივისცემა. მას ვუთხარი, რომ მისი მსგავსი ადამიანები არაა ქართული რაგბისთვის დასაკარგი და სჯობს ერთად ვითანამშრომლოთ, ვიდრე ეს ურთიერთდაპირისპირება გავაგრძელოთ. ჩემი მმართველობის დროს რაგბის კავშირის მუშაობა იქნება გამჭვირვალე და ყველას აზრი იქნება გათვალისწინებული.

მთავარი პრიორიტეტი იქნება შიდა საკლუბო რაგბის განვითარება, რომელიც არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია. ამისთვის აუცილებელია ფრანჩიზას შექმნა. ასევე 7-კაცა რაგბისა და ბავშვთა რაგბის განვითარება.

რაც შეეხება ნაკრების მთავარ მწვრთნელს. ლევან მაისაშვილი მართალია ჩემი ახლობელია, მაგრამ ეს რაიმე ზეგავლენას ჩვენს სამომავლო საქმიანობაზე არ იმოქმედებს. თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ახალი მწვრთნელია საჭირო, ასეც იქნება, თუ არადა ლევანი გააგრძელებს საქმიანობას.

ასე რომ, სანამ ჩემს პოლიტიკურ კლანზე ისაუბრენენ, ჯერ ჩემს გეგმას გაეცნონ”, – ამბობს სოსო ტყემალაძე.

საქართველოს რაგბის კავშირის არჩევენები 24 თებერვალს გაიმართება და ჯერ მხოლოდ სოსო ტყემალაძეა დარეგისტრირებული. ირაკლი აბუსერიძე კი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0