in

რომის პაპი გარდაიცვალა: ფეხბურთის ფანი იყო – გიჟდებოდა მესიზე, მარადონაზე, მაგრამ… ვის მიიჩნევდა საუკეთესოდ

რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა: ის 88 წლის იყო და სამუდამოდ დარჩება ფეხბურთის გულშემატკივრად.

ფრანცისკე I-ს – ერისკაცობაში არგენტინელი ხორხე მარიო ბერგოლიო – ძალიან უყვარდა ფეხბურთი. ინტერვიუში მან თქვა, რომ ბუენოს-აირესის ქუჩებში თამაში მას თავმდაბლობას ასწავლიდა:
„ჩვენ ყოველთვის არ გვქონია ტყავის ბურთი, ამიტომ მას ნაჭრებისგან ვაკეთებდით. მე არ ვიყავი კარგი, ყოველთვის კარში მაყენებდნენ“.

არასოდეს მალავდა, რომ იგი მხარს უჭერდა „სან ლორენსოს“ მშობლიურ ქალაქიდან.

„სან ლორენსოც“ ამაყობდა, რომ ჰყავდა ასეთი გულშემატკივარი: 2014 წელს კოპა ლიბერტადორესი მოიგეს და ვატიკანში თასით ჩავიდნენ.

მომლოცველებმა იცოდნენ კათოლიკური ეკლესიის მეთაურის „სან-ლორენსოსადმი“ სიყვარულის შესახებ და მაისურები აჩუქეს.

გუნდის მეტსახელი, Los Santos, რაც წმინდანებს ნიშნავს, იდეალურად ჯდება. „ სან ლორენსო“ ყველაზე ტიტულიანი კლუბია არგენტინაში. პაპს სიახლეებს მუდმივად უყვებოდა მისი თანაშემწე.

სხვა გზა არ იყო: ფრანცისკე საერთოდ არ უყურებდა ტელევიზორს. 1990 წელს პირობა დადო და მას შემდეგ არასოდეს დაურღვევია.
ბუნებრივია, არცერთ სოციალურ ქსელს არ იყენებდა. გაზეთს დღეში მხოლოდ 10 წუთი კითხულობდა, ამიტომ „სან ლორენსოს“ შედეგები თანაშემწისგან უნდა გაეგო.

2022 წლის თებერვალში კრიშტიანო რონალდოს დედა, მარია დოლორეს დოს სანტოს ავეირო რომში ჩავიდა. მან მიიღო აუდიენცია თავად პაპთან. ქალი ხელცარიელი არ მისულა – მან პონტიფიკს პორტუგალიის ნაკრების 7 ნომრიანი მაისური აჩუქა რონალდოს სახელით.
„ეს განსაკუთრებული ემოცია იყო, მადლობა”, – წერს მარია დოლორესი სოციალურ ქსელში.

პაპის კოლექციაში საკმარისია ცნობილი ფეხბურთელების მაისურები. 2022 წლის ოქტომბერში საფრანგეთის პრემიერ მინისტრი ჟან კასტექსი ოფიციალური ვიზიტით ვატიკანში ჩავიდა და საჩუქრად პსჟ-ს მაისური მიუტანა. ლეო მესი, ნომერი 10, ავტოგრაფი – სრული კომპლექტი.

ორიოდე თვის შემდეგ ლიონელმა საპასუხო საჩუქარი მიიღო – „ატლეტიკ ვატიკანის“ გუნდის მაისური.

როგორც ჩანს, რომის პაპი და მესი პირველად 2013 წელს, წმინდა საყდარში არჩევის შემდეგ მალევე შეხვდნენ. ვატიკანმა იტალიისა და არგენტინის ნაკრებებს უმასპინძლა – გუნდებმა ამხანაგური მატჩი გამართეს. შემდეგ პონტიფიკს ორივე გუნდის მაისურები გადაეცა ფეხბურთელების ავტოგრაფებით.

„ძვირფასო მოთამაშეებო, თქვენ ძალიან პოპულარული ხართ. არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ასე რომ, თქვენ გაქვთ დიდი სოციალური პასუხისმგებლობა. როდესაც მოედანზე ხართ, წარმოადგენთ სილამაზეს, გუნდურ სულს. თუ რომელიმე იკარგება, თამაში უარესდება, თუნდაც თქვენმა გუნდმა მოიგოს. ფეხბურთი ახლა ბიზნესი გახდა, მარგამ მნიშვნელოვანია არ დაიკარგოს სპორტული ხასიათი“, – თქვა მაშინ პაპმა.

მანამდე ლეომ ფრანცისკეს დიდი პატივისცემის ნიშნად „ბარსელონას“ ხელმოწერილი მაისური გაუგზავნა.

ფრანცისკმა მესი რამდენჯერმე ახსენა. მაგალითად, 2016 წელს ჰკითხეს, ვინ იყო უკეთესი: მარადონა, პელე თუ მესი. არგენტინელმა უპასუხა: “ჩემთვის, მესი”.

ყველაზე საოცარი ის არის, რომ ფრანცისკს არასოდეს უნახავს ლეოს თამაშში. ამის შესახებ თავად თქვა 2015 წელს. ლოგიკურია, რადგან მან ტელევიზორის ყურება შეწყვიტა, როცა მესი ძალიან პატარა იყო. სტადიონებზე სტუმრობის შესახებ კი არაფერია ცნობილი.

თუმცა, როდესაც ლიონელ მესიმ 2023 წელს მე-8 „ოქროს ბურთი“ მოიგო, პაპმა აღიარა: „ჩემთვის ყველაზე დიდი პელეა”. მესისა და მარადონას სიყვარულის მიუხედავად, ის პელეს უფრო დიდად მიიჩნევდა და მის პიროვნულ თვისებებსაც აფასებდა.

სხვათა შორის, ვატიკანს ეწვია „ნაპოლის“ მთავარი ლეგენდა დიეგო მარადონაც, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია „ინტერრელიგიური მატჩი მშვიდობისთვის“ ერთ-ერთი მონაწილე. მარადონამ საკუთარ თავს რომის პაპის ყველაზე დიდი გულშემატკივარი უწოდა, ხოლო პონტიფიკმა დიდი ფეხბურთელის გარდაცვალების შემდეგ ამაღელვებელი სიტყვით უპასუხა:

„მოედანზე ის იყო პოეტი, რომელიც ახარებდა ხალხს მთელ მსოფლიოში, ბუენოს-აირესიდან ნეაპოლამდე. ის ასევე ძალიან მყიფე ადამიანი იყო. მე მადლობელი ვარ მისი ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა ეკლესიისთვის. მე მაქვს ჩემი მეხსიერება დიეგოზე – 1986 წლიდან, როდესაც არგენტინა მარადონას წყალობით გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მაშინ ფრანკურტში ვწვალობდი, ენა ცუდად ვიცოდი და თავს მარტო ვგრძნობდი. მე მხოლოდ მეორე დღეს გავიგე, რომ არგენტინელებმა ფინალში გერმანია დაამარცხეს და ეს იყო მარტოობის გამარჯვება – ახლოს არავინ იყო, ვისთანაც შემეძლო გამეზიარებინა სიხარული“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დღეს ხვიჩა ძირითადს უნდა დაუბრუნდეს

პსჟ-მ არ მოინდომა და ფრე იმყოფინა, ხვიჩაც პასიური იყო