in

რეალი მცველებს კარგავს, პსჟ ხმაურობს – ტრანსფერების ჭორ-მართალი

სანამ ტოკიოში ოლიმპიადაა, მანამდე აგენტები და კლუბები სატრანსფერო ბაზარზე იღწვიან და ტელეფონს არ აჩერებენ. ზოგიერთი ჩალიჩი რეალობად იქცა, სხვები მალე განხორციელდება ან სულაც არა. აი ბოლო დღის მთავარი ჭორ-მართალი.

ინგლისი

„ტოტენჰემმა“ და „სევილიამ“ ოფიციალურად გამოაცხადეს ფეხბურთელების გაცვლაზე: ესპანეთში გაფრინდება არგენტინელი ერიკ ლამელა, ლონდონში კი ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების წევრი ბრაიან ხილი. „ტოტენჰემი“ 25 მილიონ ევროსაც დაამატებს.

რაფაელ ვარანის „მანჩესტერში“ მისვლის მსხვერპლი გახდება აკსელ ტუანზებე. 23 წლის მცველი „ოლდ ტრაფორდს“ სათამაშო პრაქტიკის საძიებლად დატოვებს. მისით „ნიუკასლია“ დაინტერესებული.

„არსენალის“ ფრანგი ალეკსანდრ ლაკაზეტი კვლავ მოხვდა „ატლეტიკოს“ ინტერესებში.

„ლივერპული“ ალბათ ვერ გაიფორმებს ფედერიკო კიეზას. ევროპის ჩემპიონი ბიჭი „იუვენტუსის“ საკვანძო მოთამაშედ მიიჩნევა და მერსისაიდელების მსუყე წინადადება ტურინში უარყვეს.

ესპანეთი

„რეალი“ ახლოსაა კიდევ ერთი მცველის დაკარგვასთან (სერხიო რამოსის შემდეგ). ვარანი წამიც და „მანჩესტერელი“ გახდება. ტრანსფერი შეთანხმებულია და 28 წლის ფრანგის სანაცვლოდ მადრიდში 50 მილიონი ევრო გადაირიცხება. ფეხბურთელის ხელფასი 12 მილიონი იქნება წლიურადო.

„ბარსელონა“ იმედს არ კარგავს, რომ მოიშორებს სამუელ უმტიტის. ჯერ მყიდველი ვერ უპოვია, არადა ამბობენ, რომ ფრანგისადმი ინტერესი მთელ რიგ კლუბებს აქვთო.
„ბარსადან“ წასვლა არ უნდა კიდევ ერთ ფრანგს, ანტუან გრიზმანს. ის თანახმაა, რომ ხელფასიც შეიმციროს. ისე, თუ წასვლაა, მაშინ გრიზმანი მარტო „ატლეტიკოში“ დაბრუნდება.

იტალია

„ლაციოს“ ნახევარმცველ ხოაკინ კორეას წასვლა უთხოვია. არგენტინელი შესაძლოა „ტოტენჰემმა“, „არსენალმა“ ან „ევერტონმა“ იყიდოს.

ჯერდან შაჩირი ალბათ წავა „ლივერპულიდან“ და ან „ნაპოლიში“ ან „ლაციოში“ აღმოჩნდება. ორივე ეს კლუბი უკვე დაუკავშირდა 29 წლის შვეიცარიელს.

კრიშტიანო რონალდო კი კონტრაქტის თანახმად ერთი წელი კიდევ დარჩება „იუვენტუსში“.

ბებერ ქალბატონს რონალდოს რჩენა მეტი აღარ შეუძლია: კრიშტიანო ტურინში რჩება

საფრანგეთი

პსჟ განაგრძობს მასშტაბურ კამპანიას. პარიზელები ამზადებენ კიდევ ერთ ხმაურიან წინადადებას – ისინი „მანჩესტერს“ მიუკაკუნებენ პოლ პოგბა მოგვეცითო.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0