in

რა სჭირს ლივერპულს? ზედიზედ მეორე ფრე და გაძევებული დარვინ ნუნიესი

გუშინ პრემიერ ლიგის მეორე ტურის დასკვნითი აკორდი, „ლივერპული“ „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ გაიმართა და სქაუზერთა გასახარი სიტყვების მონახვა რთულია.

დავიწყოთ იმით, რომ პირველ ტაიმში გუნდმა არაერთი მომენტი შექმნა. ფაქტი, რომ დარვინ ნუნიესი ლეტალური არ არის ლოგიკურია, რადგან ადაპტირებას დრო სჭირდება და ეს ბუნებრივია. ურუგვაელმა ფორვარდმა პირველ ნახევარში 5 შანსი მიიღო და ვერცერთი თარგმნა გოლში.

პალასმა არაბუნებრივი, 5-4-1 სქემა აირჩია და იოაკიმ ანდერსენი 3 ცენტრალურ მცველს შორის შუაში აღმოჩნდა და გადასარევი მატჩიც ჩაატარა. თითქმის ყველა ჩაწოდება გაანეიტრალა, 1-1 ზე მომენტებშიც ჩინებულად გაისარჯა და მეორე ტაიმში მსაჯს დარვინ ნუნიესი გააძევებინა. მცირე პროვოკაცია, რომელზეც სამხრეთული ტემპერამენტი წამოეგო და უკუპასუხი საკმარისი იყო საიმისოდ, რომ ანდერსენი გაზონზე აღმოჩენილიყო სამსახიობო დრამატურგიითა და უშველებელი მოთქმით. ნუნიესმა მოედანი დატოვა. ნამატჩევს კლოპმა თქვა, რომ ნუნიესი გასაძევებელი იყო და აქ სალაპარაკო არაფერია.

პირველი გოლი ზაჰამ გაიატანა. სწრაფი კონტრიერიში, რომლის დროსაც ნეტ ფილიფსმა პრესინგის ხაზის ამოწევა დააგვიანა და ვილფრიდი ალისონთან პირისპირ გავიდა.

10 კაციანი ლივერპული მარცხს არ შეეპუა და ლუის დიასის სოლო ბრწყინვალებით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ეს იყო და ეს, მეტი არაფერი შეცვლილა. პირიქით, თუკი გოლის გატანა რომელიმეს შეეძლო, ეს „პალასი“ იყო. ვილფრიდ ზაჰამ 4 მეტრიდან ჩაწოდება ვერ ჩახურა და მერსისპირელები მეორე ბურთს გადაურჩნენ.

მაშ ასე, 2 ტური, 2 ფრე და ამდენივე ქულა ცხრილში. „ლივერპული“ მე-12 საფეხურზეა, ხოლო „პალასს“ ჯერ, მხოლოდ 1 ქულა აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0