in ,

ორივე გუნდი ცოტას უშვებს: იტალიას 2 წელია არ წაუგია – ევრო 2020-ის პირველი მატჩის შესახებ

ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, დღეს დიდი სანაკრებო ფეხბურთი, მისი აღმატებულესობა ევრო 2020 იწყება და რაც მთავარია გულშემატკივრებთან ერთად. მატჩებს 16 000-მდე ქომაგი დაესწრება.

ტურნირის გახსნითი მატჩი რომის “სტადიო ოლიმპიკოზე”, თბილისის დროით, 23:00 საათზე გაიმართება, რომელშიც იტალია თურქეთს დაუპირისპირდება.

იტალიაში დიდ საფეხბურთო ფორუმს 5 წელი ელოდნენ. მოგეხსენებათ, “სკუადრა აძურას” 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია. იმის შემდეგ, რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებში დიდი სამუშაო გაწია და მართალია ევრო 2020-ზე იტალია ფავორიტად არ მოიხსენიება, მაგრამ ამ გუნდისგან მაინც არის მოლოდინები. ეს არცაა გასაკვირი, მანჩინის გუნდი 2018 წლის შემდეგ არ დამარცხებულა და ევროპის ჩემპიონატს 27-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება. გარდა ამისა, იტალია ძალიან ცოტა გოლს უშვებს. ბოლო 8 შეხვედრაში მათ საკუთარი კარის მშრალად შენახვა მოახერხეს.

დღევანდელ შეხვედრაში იტალიის ნაკრებს სერიოზული დანაკლისი ექნება. ტრავმის გამო, დღეს გამორიცხულია მარკო ვერატის თამაში.

მეორე მხარეს არის თურქეთის ძალიან საინტერესო ნაკრები, რომელსაც 6 თამაშიანი წაუგებელი სერია აქვს. შენოლ გიუნეშმა შესანიშნავი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელსაც რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელიც ჰყავს და მათთან თამაში იოლი არავისთვის იქნება. გამორჩეულად ძლიერია თურქების დაცვის ცენტრი, სადაც “იუვენტუსის” წევრი მერიჰ დემირალი და “ლესტერის” ფეხბურთელი ჩაღლარ სოიუნჯუ თამაშობენ. შეტევაც კარგად არის დაკომპლექტებული – ვეტერანმა ბურაქ ილმაზმა მაგარი სეზონი ჩაატარა, მას “ლილის” ჩემპიონობაში დიდი წვლილი მიუძღვის.

აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ევროპის ჩემპიონატზე ზუსტად 21 წლის წინ შეხვდნენ, მაშინაც პირველ ტურში და მაშინაც 11 ივნისს. დინო ძოფის იტალიამ თურქეთს ანტონიო კონტეს და ფილიპო ინძაგის გოლებით 2:1 მოუგო და იმ ევროპის ჩემპიონატზე ფინალშიც გავიდა, ხოლო თურქეთის მაქსიმუმი 1/4-ფინალი გამოდგა.

საინტერესო ფაქტები

ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალია და თურქეთი ერთადერთხელ შეხვდნენ. 2000 წლის 11 ივნისს, ზუსტად 21 წლის წინ. ეს იყო ევრო 2000-ის პირველი ტურის შეხვედრა, რომელიც არნემში გაიმართა და იტალიელებმა ანტონიო კონტესა და ფილიპო ინძაგის (პენალტი) გოლებით გაიმარჯვეს. შუაში ოქან ბურუქმა გაათანაბრა და ეს იყო თურქეთის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი გოლი.

იტალიას არასდროს წაუგია ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე მატჩი რომის ოლიმპიურ სტადიონზე (6 მოგება, 2 ფრე) და ამ რვა თამაშიდან ბოლო შვიდ მატჩში გოლიც არ გაუშვია.

იტალია მეათედ თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე. ჩემპიონობა მოიპოვა მისთვის სადებიუტო ტურნირზე 1968 წელს, ორჯერ კი ფინალში გავიდა (2000, 2012).

თურქეთის ნაკრებს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან კარი მშრალად ერთხელ აქვს შენახული – 2016 წელს ჩეხეთთან (2:0).

მიუხედავად იმისა, რომ იტალიას ევროპის ჩემპიონატზე ფინალურ ეტაპზე 38 თამაში აქვს ჩატარებული, ერთ მატჩში 2-ზე მეტი გოლი არასდროს გაუტანია. „სკუადრა აძურას“ ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ფრე აქვს ნათამაშები (16) და მათ შორის ყველაზე მეტი 0:0-იც მის მატჩებში დაფიქსირდა (8).

იტალია ბელგიასთან ერთად ერთადერთი გუნდია, რომელმაც ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე 10-დან 10 მატჩი მოიგო. გაიტანა 37 გოლი (საშუალოდ თამაშში 3.7 გოლი) და ეს იგივე შედეგია, რაც მანამდე ევრო 2016-ის და 2018 წლის მუნდიალის შესარჩევში ერთად აჩვენა (22 მატჩში).

თურქეთმა ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის 10 თამაშში მხოლოდ 3 გოლი გაუშვა, რაც საუკეთესო შედეგია ბელგიასთან ერთად.

ეს იქნება შენოლ გიუნეშის მეორე დიდი ტურნირი სანაკრებო დონეზე. პირველი იყო 2002 წლის მუნდიალი, სადაც თურქეთმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ეს იქნება რობერტო მანჩინის პირველი დიდი სანაკრებო ტურნირი მწვრთნელის რანგში. ფეხბურთელის რანგში მან 1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და დასავლეთ გერმანიას გოლიც გაუტანა (1:1).

ამ გუნდების ბოლო 2 თამაში ფრედ 1:1 დასრულდა (2002 და 2006 წლებში)

იტალია და თურქეთი ერთმანეთს 11-ჯერ შეხვედრიან და 8-ჯერ აპენინელებმა მოიგეს, 3-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

This image has an empty alt attribute; its file name is Capture-22-1024x554.png

სავარაუდო შემადგენლობები

თურქეთი: უგურჯანი – ზეკი ჩელიკი, დემირალი, სოიონჯუ, უმუთ მერაში – იოკუშლუ, ტუფანი, ჩალჰანოღლუ, ჩენგიზ იუნდერი, ქენანი – ბურაქ ილმაზი.

იტალია: დონარუმა – ფლორენცი, ბონუჩი, კიელინი, სპინაცოლა – ბარელა, ჟორჟინიო, ლოკატელი – ბერარდი, იმობილე, ინსინიე

აჭარაბეთი

თურქეთი – იტალია
1 – 7.3
X – 3.7
2 – 1.6

2.5-ზე ნაკლები გოლი – 1.62
მეტი – 2.38

ორივე გაიტანს
კი – 2.38
არა – 1.62

რომელი გაიტანს პირველ გოლს
თურქეთი – 3,8
იტალია – 1.4

გოლების რაოდენობა
2 ან 3 – 1.95

ზუსტად 1 გოლი – 4.0
ზუსტად 2 გოლი – 3.3
ზუსტად 3 გოლი – 4.5

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0