in

მაინც მოვიგეთ – 88:83: საქართველომ მსოფლიო ნერვების ომში გამარჯვებით დაიწყო

საქართველომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა კალათბურთელებმა ურთულეს, დაძაბულ, სანახაობრივ ბრძოლაში უკრაინა 88:83 დაამარცხეს.

მთელი თამაში ქულა ქულაში მიდიოდა, უკრაინა ხშირად წინ იყო, გვიწევდა დაწევა, წინ გასვლა, მეტოქის ისევ გაშვება და ლამაზ კალათბურთთან ერთად ნამდვილი ნერვების ომი გაჩაღდა. საბედნიეროდ, ბოლოს, გადამწყვეტ დროს, ჩვენმა ბიჭებმა უფრო ივარგეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

საქართველოსაც და უკრაინასაც ოკეანის გაღმა მყოფი ორ-ორი კალათბურთელი აკლდათ, პლუს წინა საღამოს მოსკოვში ნათამაშები შენგელია, ახალგაზრდა კალათბურთელები, საკმაო ხნის შემდეგ შეკრებილი გუნდი, უკვე გამოცდილი და ანგარიშგასაწევი მეტოქე და იოლ გამარჯვებას ისედაც არ ველოდით.

ყველამ კარგად ითამაშა: შერმადინს თავიდან სროლა არ წაუვიდა, მაგრამ ბოლო პერიოდში მაგარი იყო, ბურჯანაძეც გადაცდა 10 ქულას, შენგელიამ ყველაზე საჭირო დროს იკაპიტნა, მაკფადენმა კი უამრავი სამქულიანი ჩაყარა…

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
G ჯგუფი

საქართველო – უკრაინა 88:83

I პერიოდი
28:24
თავიდანვე დაძაბული და საინტერესო თამაში გაჩაღდა და ძალიან კარგი კალათბურთიც ვიხილეთ. შედეგიანიც.
მაკფადენმა აიწყვიტა და 5 სამქულიანი ჩააგდო.
თან ბრგე პეტროვს სამი პერსონალური ააღებინა შერმადინმა.

II პერიოდი
17:22
პეტროვი გავარდა კი არა, მაგრად ათამაშდა და საქმე გაგვირთულა.
უკრაინა წინ გავიდა, ჩვენ არ წაგვივივდა სროლები, მაკფადენი ისვენებდა, თოკო დაშავდა (მესამე პერიოდში დაბრუნდა).
7 ქულითაც კი გავიდა უკრაინა წინ, მაგრამ მერე მაკფადენი შემოვიდა და გავათანაბრეთ.

ჯამში ტაიმი 45:46 დასრულდა.

III პერიოდი
19:20
საერთო სურათი არ შეცვლილა, ქულა ქულაში მიდიოდა და დაძაბულობა წამითაც არ იკლებდა. ერთი ხანობა უკრაინა 6 ქულით გავიდა წინ, მაგრამ წუთშესვენებებმა შედეგი გამოიღო და 9 ქულით გავიქეცით, ანუ 3 ქულით წინ გავედით. თუმცა მცირე შესნებაზე ისევ უკან ვიყავით – 64:66.

IV პერიოდი
24:17
მოსალოდნელი იყო, რომ ბოლო პერიოდი ყველაზე დაძაბული და ნერვების ბრძოლა იქნებოდა. სასიხარულოდ და ჩვენი ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გადამწყვეტ პერიოდში ჩვენ უფრო ვივარგეთ. ძალიან მაგარი იყო ახალგაზრდა გივი ბაქრაძე,კარგად წაუვიდა თამაში შერმადინს, გადამწყვეტ მომენტში ნამდვილ ლიდერობა იტვირთა თოკომ – ამ ყველაფერმა კი საბოლოო გამარჯვება განაპირობა – 88:83.

ეს გახლავთ პირველი შესარჩევი ეტაპი, მეორე საკვალიფიკაციოში კი პირველში დაგროვებული ქულებიც გადადის და ამიტომ ყველა მატჩს და თითოეულ ქულას აქვს მნიშვნელობა.
ახლა მომდევნო თამაში სამიოდ დღეში, 29 ნოემბერს გვიწევს, შორეულ ესპანეთში, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხაენში, ესპანეთს შევეჯიბრებით. მიუხედავად მეტოქის სახელისა, შანსი არის, რადგან ესპანეთს ევროლიგელები არ ეყოლება, გადახალისებული გუნდია და რატომაც არ უნდა ვიფიქროთ წარმატებაზე.

ვთქვათ ისიც, რომ პირველი შესარჩვი ეტაპისთვის სამი ფანჯარაა გამოყოფილი. ახლანდელი, ნოემბრის, მერე თებერვალში – 24-ში და 27-ში შინ და გარეთ ჩრდ მაკედონიასთან და ბოლოს ივლისში – 1-ში უკრაინასთან გასვლაზე და 4-ში შინ ესპანეთთან.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0