in

ლევან მაისაშვილი: მატჩებს კარგ კონდიციებში ვერ ვხვდებით

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2021 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” და ზაფხულის ტესტსერიის მატჩებისთვის ემზადება. “ბორჯღალოსნები” მარტყოფის სარაგბო ბაზაზე გადიან მოსამზადებელ პროცესს, საიდანაც ხვალ თელავში გადაინაცველებენ. 26 ივნისს “კავკასიონი არენაზე” ნიდერლანდებს უმასპინძლებენ და შემდეგ სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან.

მოახლოებულ მატჩებზე და შეკრების მიმდინარეობის შესახებ მედიასთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და გუნდის ჰავბეკმა ვასილ ლობჟანიძემ ისაუბრეს.

“მეორე კვირაა შეკრებაზე ვართ და ვერ ვიტყვი, რომ მას სასურველ კონდიციებში შევხვდით. ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა. უშუალოდ შეკრების წინ, რამდენიმე მორაგბემ კოვიდ-19 გადაიტანა და პროტოკოლის თანახმად, მათ რეაბილიტაცია ცალკე გაიარეს. პირველი კვირა ჯგუფებად დაყოფილი ვვარჯიშობდით, ამ კვირაში კი გუნდურად ორჯერ ვივარჯიშეთ და შეთამაშების პროცესში ვართ. კარგია, რომ სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე ნიდერლანდებს ვხვდებით და მას გარკვეულწილად მოსამზადებლად გამოვიყენებთ. იმედი მაქვს, გუნდი თავდაჯერებულობას მოიპოვებს და თამაშებს მომზადებული შევხვდებით“, – განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

“მეორე კვირაა ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის ვემზადებით. სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონს ორჯერ ვეთამაშებით, შემდეგ კი შოტლანდიას თბილისში ვმასპინძლობთ. ქართული რაგბის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ზაფხულის ტესტებზე ტიერ 1-ის გუნდებთან ზედიზედ სამ თამაშს გავმართავთ. მივიღებთ ძალიან დიდ გამოცდილებას და მიუხედავად იმისა, რომ რთული მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს, ვიმედოვნებ, კარგ შედეგს ვაჩვენებთ. გავდივართ როგორც ფიზიკურ მომზადებას, ასევე დიდ ყურადღებას ვუთმობთ ტექნიკურ მხარეს“, – თქვა ვასილ ლობჟანიძემ.

“ბორჯღალოსნებს” რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ოთხივე გასული მატჩი მოგებული აქვთ და 18 ქულით უკვე პირველობაც გაინაღდეს, თუმცა, ცხადია, რომ დასკვნით შეხვედრაშიც ფავორიტები იქნებიან. ნიდერლანდებმა ტურნირზე თამაშის უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც პლეი ოფში ბელგიელთა დამარცხება მოახერხა.
საქართველო-ნიდერლანდების მატჩი 26 ივნისს თელავში შედგება.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0