in ,

ლაშას ოქრომდე ცოტა დააკლდა, მაგრამ ისტორია დაწერა: მედალი ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე

საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ისტორია დაწერა და კიდევ უფრო დიდ ისტორიულ შედეგთანაც ახლოს იყო, მაგრამ იაპონელ შოჰეი ონოსთან (ოლიმპიური და სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი) 10-წუთიან ომში დამარცხდა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ორი ოლიმპიური ჩემპიონი დაუპირისპირდა.

ლაშამ დაუმარცხებელ ონოს მაგრად ებრძოლა, არაფრით ჩამოუვარდებოდა მეტოქეს, პირიქით ორი შიდოც აკიდა, მაგრამ ონო ჩასაფრებული ელოდებოდა შანსს და გამოიყენა კიდეც. ლაშა თითქოს კარგად ჩაუხტა მეტოქეს, მაგრამ ცბიერმა ონომ შეძლო მისი კონტრილეთზე დაჭერა და ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

ფინალამდე ლაშამ ფრანგი ჟილემ შაინი, ებრაელი ბუტბოლი, ჯიბუტელი ჰუსეინი და სამხრეთ კორეელი ჩანგრილ ანი დაამარცხა.

ლაშა შავდათუაშვილმა ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე მოიპოვა მედალი. ის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორია.
2012 ლონდონში – ოქრო, 2016 წელს რიოში – ბრინჯაო და ახლა, ტოკიოში – ვერცხლი.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლაშა პირველი სპორტსმენია, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე სამ მედალს დაეუფლა.

ლაშა ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც მსოფლიოს, ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს ფლობს.

საქართველოს აქტივში ამ დროისთვის ტოკიოს ოლიმპიადაზე ორი მედალია, ორივე ძიუდოში და ორივე ვერცხლი.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0