in

ლამაზი გამარჯვება: პირველ ნაბიჯს მეორეც უნდა მოყვეს – 91:70

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის ტურნირის მესამე შესარჩევი მატჩი მარტივად, ლამაზად და გადახალისებული შემადგენლობით მოიგო. საქართველომ ჩრდ მაკედონია 91:70 დაამარცხა.

საქართველოს გარკვეული მიზეზებით ლიდერები აკლდა, გამორჩეული ლეგიონერებიდან შერმადინი და მაკფადენი იყვნენ, პლუს დუდა სანაძე და დანარჩენი საქართველოში მოთამაშე კალათბურთელები, რომლებთაც საკმაოდ დიდი სათამაშო დრო მიეცათ. უნდა ითქვას, რომ მათ გაამართლეს, გამოცდილებაც მიიღეს, თავდაჯერებაც მოემატებათ და სამომავლოდ კიდევ უფრო დიდ სამსახურს გაუწევენ ეროვნულ გუნდს.

ისე, მაკედონიელებსაც ევროპაში მოთამაშე მხოლოდ 2 კალათბურთელი ჰყავდათ, სხვები ადგილობრივი ჩემპიონატიდან იყვნენ.

აღსანიშნავია, ჩვენი მწვრთნელის ზუროსისა და თავად კალათბურთელების დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სხვაობით ვიგებდით, არც მწვრთნელი და არც მოთამაშეები წუთით არ მოდუნებულან და ბოლომდე ემოციურად იბრძოდნენ ყველა ბურთისთვის.

ასევე მთელი მატჩი აქტიურად ქომაგობდნენ ჩვენს გუნდს გულშემატკივრები და ქართული სპორტის ქომაგები, რომელთაც არც უკრაინა დავიწყებიათ და არაერთხელ სკანდირებდნენ ამჟამად ურთულეს ვითარებაში მყოფი ჩვენ მეგობარი ქვეყნის სახელს.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, წამით არ დამდგარა ეჭვქვეშ გამარჯვებული გუნდის ვინაობა, თუმცა უნდა ითქვას, რომ იყო ეპზიოდები, როდესაც მეტოქეს რაღაცეები გამოსდიოდა, გარკვეულ შეცდომებს ვუშვებდით. ამხელა სხვაობით მოგებულ თამაშში ამას იმიტომ ვამბობთ, რომ სამ დღეში, 27 თებერვალს სკოპიეში ვეთამაშებით ამავე ჩრდ მაკედონიას და იქ დიდი ალბათობით ასე მარტივად ვეღარ მოვიგებთ. მეტოქემაც აჩვენა ცალკეულ ეპიზოდებში, რომ ძალას წარმოადგენს. აი ფარი კი ჩვენი იყო, უფრო სწორედ შერმადინის, რომელიც აქეთაც და იქითაც ყველაფერს ხსნიდა (15 მოხსნა და 20 ქულა). სროლა წაუვიდა მაკფადენსაც და მისი 26 ქულა დიდად დაეხმარა ჩვენს გუნდს დიდი ანგარიშით მოგებაში.

შესაქებია ჩვენი გუნდის თითოეული მოთამაშე, რომლებმაც გულიანად ითამაშეს, ბოლომდე დაიხარჯნენ და გულშემატკივარი გაახარეს. თუმცა ჩავთალოთ, რომ ეს მხოლოდ პირველი ტაიმი იყო, რადგან სამ დღეში სკოპიეშიც აუცილებლად მოსაგებია, რასაც ძალიან დიდი პრაგმატული მნიშვნელობა ექნება.

საქართველოს შესარჩევ ჯგუფში სამიდან 2 მოგება აქვს.
როგორც უკვე ვთქვით, მომდევნო მატჩი საქართველოს 27 თებერვალს, სკოპიეში, ისევ ჩრდ მაკედონიასთან უწევს.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0