in

კახი ცხადაძე: იგივე შეცდომები არ უნდა დავუშვათ – კვასხვაძემ გუნდი დატოვა

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჰაიფას “მაკაბისთან” დაპირისპირების წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. საქართველოს ჩემპიონი კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელის გუნდთან პირველ შეხვედრას 22 ივლისს, “დინამო არენაზე” ჩაატარებს.

დღეს, ცხადაძემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მივაღწიეთ შედეგს, რომელიც ჩვენ და მთელ ქვეყანას უნდოდა. ძალიან უხეში ინდივიდუალური შეცდომების გამო მივიღეთ ეს შედეგი და ადრეც აღვნიშნე, რომ მსგავს დონეზე ასეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება. ასევეა ხვალინდელ თამაშშიც, მეტოქეს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს და არ შეიძლება შეცდომების დაშვება. ძალიან მტკივნეული იყო “ნეფთჩისთან” მარცხი, არცერთ მატჩში წაგებას არ ვიმსახურებდით. თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, შემიძლია ყველას შევედავო. მაგრამ “მაკაბისთან” ეს ორი თამაში არის შანსი, მოტივაციის თვალსაზრისით, რომ ფეხბურთელებმა თავადაც დაივიწყონ ის წაგება და გულშემატკივრებსაც დაავიწყონ. მათ შეუძლიათ, რომ აქ წარმატებით “ნეფთჩისთან” წარუმატებლობა ისტორიას ჩააბარონ.

ცნობილია, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც კვასხვაძის თავს იყო, ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხი ჰქონდა, ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ის “დინამოში” აღარ იქნება. ახლა ვითამაშებთ იმ კონტიგენტით, რაც გვყავს, მომავალში კი ვნახოთ რა მოხდება. ძალიან ძნელია მეკარისთვის ასეთი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ თამაში და წარმატებებს ვუსურვებთ მას მომავალში.

“მაკაბი” ძალიან სერიოზული მეტოქეა, ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, საკმაოდ თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ. საინტერესოა, ასეთ მეტოქესთან თავს როგორ წარმოვაჩენთ. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ აგრესიულად ვითამაშოთ და მეტოქეს არ მივცეთ იმის საშუალება, რომ საკუთარი თამაში თავზე მოგვახვიოს, ინიციატივა არ უნდა დავუთმოთ და თუ ეს გამოგვივა, მაშინ ძალიან კარგი შანსი გვექნება. ცხადია, გარდა ამისა, თუ აღმოვფხვრით იმ ინდივიდუალურ შეცდომებს, რაც წინა შეხვედრებში გვქონდა, ნამდვილად საინტერესო თამაში იქნება”.

გია გეგუჩაძე: მეტოქეს ჩვენი თამაში უნდა მოვახვიოთ თავს

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0