in

ვიდეო: საქართველო ათენშია – იანისი გვეთამაშება, ანშლაგი იქნება

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები საბერძნეთშია. ილიას ზუროსი საქართველოს მწვრთნელის რანგში მეორედ ჩავიდა სამშობლოში, აკროპოლისის თასზე სათამაშოდ. ამხანაგურ ტურნირებს შორის ეს გახლავთ ყველაზე ცნობილი და წარმომადგენლობითი შეჯიბრი, რომლის გათამაშებაც 32 წლის წინ დაიწყო და ყოველწლიურად აგვისტოს თვეში ტარდება.

საქართველომ აკროპოლისის თასი 2017 წელს, ევროპის ჩემპიონატის წინ მოიგო, როცა მასში მუდმივად მონაწილე საბერძნეთთან ერთად სერბეთისა და იტალიის ნაკრებები ასპარეზობდნენ. ამჯერად აკროპოლისის ტურნირში საბერძნეთსა და საქართველოსთან ერთად ევრობასკეტზე ჩვენი მომავალი მეტოქე თურქეთი და პოლონეთი მონაწილეობენ.

ილიას ზუროსისა და სამწვრთნელო შტაბისთვის ეს 3 მატჩი იქნება კარგი გამოცდა ოფიციალური მატჩების წინ. საბერძნეთის შემადგენლობაში თამაშობს NBA-ს ორგზის MVP იანის ადეტოკუმბო, რომლის გამოც 1 კვირის წინ ათენის OAKA-ს 18-ათასიანი დარბაზი მთლიანად გაივსო. სავარაუდოდ, ანშლაგი იქნება საბერძნეთის მომავალ თამაშებზეც. საქართველოს ნაკრები ბერძნებს 18 აგვისტოს დაუპირისპირდება.

ჩვენი ნაკრები ათენში 15 კალათბურთელით ჩავიდა: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, თად მაკფადენი, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური.

გოგა ბითაძე ჯერაც ამერიკაშია და ფეხს მკურნალობს, ხოლო თბილისური შეკრებიდან საბერძნეთში მიხეილ ბერიშვილი და ლუკა მაზიაშვილი არ გამოემგზავრნენ. ბერიშვილს ტრავმა აწუხებს და ნაკრებთან ვარჯიშს 20 აგვისტოდან განაახლებს.

ილიას ზუროსის ასისტენტმა, გიორგიოს ლიმნიატისმა ათენში ჩასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ეს-ესაა, ჩამოვედით ათენში. მგზავრობა არ იყო გრძელი, რადგან პირდაპირი რეისით ჩამოვფრინდით. ცუდი ის იყო, რომ ღამე მოგვიწია ფრენამ და ახლა ყველა გადაღლილია. თუ როგორ შეიძლება, რომ ჩვენმა გუნდმა ითამაშოს უკეთესად და დღითი დღე დაიხვეწოს. ასევე მნიშვნელოვანია, მონაწილეობა მივიღოთ ამ ისტორიულ ტურნირში, რომელიც, მე როგორც ბერძენმა, ვიცი, რომ 32 წლისაა. ყოველთვის საკმაოდ კარგი გუნდები მონაწილეობენ. განსაკუთრებით წელს, როცა იანის ადეტოკუმბო თამაშობს. როგორც ყველამ ნახა, ახლახან რომ იყო ესპანეთთან ამხანაგური თამაში, დარბაზი მთლიანად გაივსო. ახლაც კი, როცა საბერძნეთში სადღესასწაულო დღეებია და ათენი ცოტა დაცარიელებულია, მაინც ბევრი მაყურებელი მოვა ამ სამი დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, სასიხარულოა, რომ 25 დღის შემდეგ სამშობლოში ვარ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცემა ჩვენი გუნდის თამაშის გაუმჯობესების შანსი და საშუალება, მოვემზადოთ მომავალი ევრობასკეტისა და მსოფლიოს შესარჩევი მატჩებისთვის”.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0