in

გიორგი ჩაკვეტაძე: მადლობა ყველას თანადგომისთვის – ერთად ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ

საქართველოს ნაკრების და ბელგიური “გენტის” ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც ტრავმის გამო ძალიან ბევრი გაუცდა, ამჟამად თბილისში იმყოფება და თბილისის “დინამო” ბაზაზე ემზადება.

გუშინ, ჩაკვე “სარბიელის” ყოველწლიურ დაჯილდოებას დაესწრო. აღნიშნულ ღონისძიებაზე ჩვენც ვიყავით და, რა თქმა უნდა, გიორგის ისე არ გავუშვებდით, მასთან პატარა ინტერვიუ არ ჩაგვეწერა.

გიორგი, უპირველეს ყოვლისა, როგორ გრძნობ თავს. ისევ გაწუხებს ტრავმა და როდის დაუბრუნდები მოედანს?

დიდი მადლობა მოკითხვისთვის და გულშემატკივრობისთვის, როგორც თქვენ, ასევე ყველა გულშემატკივარს. თქვენი გამხნევება და გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ მაძლევთ სტიმულს, რომ რთული პერიოდის შემდეგ, ისევ განვაგრძო ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაში და ქართველი ქომაგი არაერთხელ გავახარო.
ამ ეტაპზე ტრავმა არ მაწუხებს. “დინამოს” ბაზაზე ვემზადები. მალე ბელგიაში გავემგზავრები და 13 ივნისს გუნდთან ერთად სეზონისწინა მოსამზადებელ შეკრებას დავიწყებ.

გიორგი, “გენტთან” 2023 წლამდე გაქვს კონტრაქტი. რამდენი ხნით აპირებ ბელგიაში დარჩენას?

სანამ ტრავმას მივიღებდი, რამდენიმე კლუბისგან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ მაშინ ისეთ ასაკში ვიყავი, სათამაშო პრაქტიკა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. ახლა, მთავარია თამაში დავიწყო და თანდათან ფორმაში ჩავდგე. შემდეგ ვნახოთ რა იქნება. მთელი კარიერის “გენტში” გატარება არ მინდა და მსურს უფრო მაღალი დონის გუნდსა და ჩემპიონატში ვითამაშო.

გიორგი, გულშემატკივართა აზრით, ქართულ ფეხბურთს ორი გამორჩეული ვარსკვლავი ჰყავს – შენ და ხვიჩა კვარაცხელია. ხვიჩა ჟურნალისტებმა გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. კვარას შესახებ რას იტყვი?

ხვიჩა ჩემი მეგობარია. ის ძალიან კარგი ადამიანი და ფეხბურთელია. ყველანაირი მონაცემი აქვს დიდი ფეხბურთი ითამაშოს. პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, იგი დიდ ფეხბურთს ითამაშებს.

ბოლოს, რას ეტყოდი ქართველ გულშემატკივარს?

მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა თანადგომისთვის! ჩვენ აუცილებლად ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებებს!

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0