მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურში „კარლსრუემ“ შინ „მაგდებურგი“ გაანადგურა – 7:0.
ამ წარმატებაში თავისი არც თუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა ბუდუ ზივზივაძემ. ქართველმა ფორვარდმა სანაკრებო თამაშ(ებ)ის წინ დუბლი შეასრულა და ზედ ასისტიც მოაყოლა.
მე-13 წუთზე ზივზივაძემ მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა წინ. საჯარიმოში არ მოეშვა, მცველებს შეცდომა დააშვებინა და ანგარიში 2:0 გახადა.
რამდენიმე წუთში მსგავსი სიტუაცია შეიქმნა: მცველები ისევ შეცდნენ, ბუდუმ ბურთი წაართვა და 3:0.
ტაიმის ბოლოს კი ზივზივაძემ ბრწყინვალე საგოლე პასი გააკეთა: ფლანგური პასის შემდეგ ეფექტურად შეუცვალა ბურთს მიმართულება და ისე გაატანინა თანაგუნდელს.
ზივზივაძე 65-ე წუთზე შეცვალეს.
მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ძალიან მაღალი ქულებით შეაფასეს: whoscored – 9.5, sofascore – 9.1, flashscore – 8.3.
ბუდუმ მიმდინარე ჩემპიონატზე 24 მატჩში 10 გოლი გაიტანა. ის ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულშია.
კარლსრუე – მაგდებურგი 7:0
გოლები: 1:0 ფრანკე (7), 2:0 ზივზივაძე (13), 3:0 ზივზივაძე (25), 4:0 ნებელი (40), 5:0 ბეიფუსი (50), 6:0 მატანოვიჩი (51), 7:0 ვანიტცეკი (90+1, პენ)
„კარლსრუე“ 38 ქულით მე-7 ადგილზეა. სეზონის დასრულებამდე 8 ტურით ადრე ბუნდესლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ზონას 6 ქულა აშორებს და მომდევნო შეხვედრას 31 მარტს გელზენკირხენში „შალკესთან“ ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings