„ბენევენტოს“ პრეზიდენტი ორესტე ვიგორიტო გუნდის სერია A-დან გავარდნის გამო ძალიან გაბრაზდა და ფეხბურთელებისთვის უჩვეულო სასჯელი მოიფიქრა. კლუბის მეთაურმა მოთამაშეებსა და სამწვრთნელო შტაბს ტურინამდე თვითმფრინავის ბილეთები არ უყიდა.
გუნდს საკმაოდ დიდი მანძილის გავლა ავტობუსით მოუწევს – უჩვეულო იდეა პრეზიდენტმა გულშემატკივრების მიმართვიდან ისესხა.
„მთელი წელი გუნდი კომფორტული, ჩარტერული რეისებით მოგზაურობდა, იმედი გვაქვს, რომ ამჯერად უფრო უბრალო, კორპორატიული ავტობუსით იმგზავრებენ“, – განაცხადეს ფანებმა.
ვიგორიტოს იდეა მოეწონა, ასე რომ – ფილიპო ინძაგი და ფეხბურთელები დაახლოებით 900 კილომეტრს ავტობუსით გაივლიან. გზაში ისინი 12 საათზე მეტ დროს გაატარებენ.

„ბენევენტომ“ სერია A-ში დარჩენის შანსი მაშინ დაკარგა, როდესაც „ლაციომ“ და „ტორინონ“ ფრე ითამაშა.
ფეხბურთელებს „ტორინოსთან“ მატჩი ელით. ეს თამაში შესაძლოა გადამწყვეტი ყოფილიყო, თუმცა ახლა მხოლოდ ფორმალური სახე აქვს.